გასული წელი ფარმაცევტული სექტორისთვის საკმაოდ გამოწვევებით სავსე იყო. 2023 წლის იანვრიდან ფარმაბაზრის რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა რეფერენტული ფასები წამლებზე. სახელმწიფომ კომპანიებს მედიკამენტების რეალიზაციის მაქსიმალური ჭერი განუსაზღვრა, რაც დღეს უკვე 5 ათასი დასახელების მედიკამენტზე ვრცელდება. გასული წლიდანვე ადგილობრივ სააფთიაქო ქსელებში ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია აეკრძალა იმ კომპანიებს, რომლებმაც GMP/GDP სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა. საკმაოდ რეზონანსული იყო წლის ბოლოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ამ სექტორის 4 მსხვილი მოთამაშის შეთანხმებულ ქმედებაში მხილება და მათთვის 53 მილიონამდე ლარის ჯარიმის დაკისრება. მარტივი არც წლევანდელი წელი იქნება.
ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის თანახმად, 2024 წლის პირველი კვარტალში რეფერენტული ფასები აქტიურ მიმოქცევაში მყოფ ყველა მედიკამენტზე დაწესდება, თუმცა ზღვრული ფასი მცენარეულ, ფიტო-მედიკამენტებს არ შეეხება. როგორ ოპერირებს ფარმაცევტული სექტორი ქვეყანაში, ვინ არის მზად რეგულაციების დასაკმაყოფილებლად და ვინ არა?
სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი;