ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო წლების ეკონომიკური პოლიტიკა არასწორი იყო, რამაც ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. მიუხედავად სხვადასხვა დადებითი ინიციატივებისა, ხორგუაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
„ბოლო წლებში გაიზარდა საგადასახადო წნეხი, გაიზარდა ვალი ეკონომიკასთან მიმართებაში, გაიზარდა მაგალითად სესხის გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა, გაიზარდა სიღარიბის მაჩვენებელი - ანუ საერთო ჯამში სოციალური მდგომარეობა უარესობისკენ წავიდა, მაგრამ ამას პირადად კვირიკაშვილს არ დავუკავშირებდი, რადგანაც ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის რეალური მმართველი.
ჩვენი მთავარი პრობლემა არის რომ ამ ხელისუფლებას არ გააჩნდა და არ ჰყავს კომპეტენტური კადრები, არ აქვს პოლიტიკური ნება და არ აქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა განვითარდეს. რეფორმები უკანასკნელი წლების განმავლობაში მთლიანად გაჩერებულია, ყველა ინიციტივა კი რომელიც გატარდა იყო მცირე და მას ფისკალური ეფექტი არ ჰქონდა. ანუ სისტემური მიდგომა ეკონომიკური მიმართულებით უფრო მეტად იყო მავნებლური, ვიდრე კარგი. შეგვიძლია ვახსენოთ გაკოტრების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. ვაჭრობასთან დაკავშირებით გვქონდა კარგი შედეგები, მაგრამ მთლიანობაში ეს იმდენად მცირეა, რომ მდგომარეობას არ შველის.“ - განაცხადა ‘საქმის კურსთან“ საუბრისას ხორგუაშვილმა.