ყოფილ "საპარტნიორო ფონდს", რომელიც საქმიანობას „საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელით აგრძელებს, ახალი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი ჰყავს. შესაბამისი ცვლილებები ბიზნეს რეესტრის ამონაწერში უკვე აისახა. დავით საგანელიძემ, რომელიც "საპარტნიორო ფონდს" ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, პოსტი დატოვა. ფონდის ახალი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და მისი მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე იქნებიან.
ბესიკ ბუგიანიშვილი 2020 წლიდან დღემდე ა(ა)იპ "მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის" დირექტორი იყო. აღნიშნული ფონდი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საპარტნიორო ფონდის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ არის დაფუძნებული.
რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უკვე დატოვეს პრემიერმა და მისმა მინისტრებმა (ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი, ოთარ შამუგია და ირაკლი ქარსელაძე) და ახალი საბჭო დაკომპლექტდა, რომელსაც 4 წევრი ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა დავით საგანელიძემ. საბჭოს წევრები არიან: მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი.
2017-2020 წლებში ბესიკ ბუგიანიშვილი "საპარტნიორო ფონდის" ერთ-ერთი კომპანიის "ლიკანის რეზიდენციის" დირექტორის პოსტზე მუშაობდა. 2015-2017 წლებში კი კომპანია ARGO Business Consulting LLC-ის დამფუძნებელი პარტნიორი იყო. 2008-2015 წლებში ბესიკ ბუგიანიშვილი ლონდონის ბირჟაზე კვოტირებული, ნავთობის და გაზის მომპოვებელი კომპანია - JKX Oil & Gas plc-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა, 2007-2008 წლებში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება-მოპოვების კომპანია “Укрнефтебуренние»-ს გენერალური დირექტორი იყო, 2005-2007 წლებში JKX Oil & Gas plc-ის კომერციული მენეჯერის პოსტზე საქმიანობდა; 2001-2005 წლებში ბუგიანიშვილი შვეიცარული National Petroleum Limited-ის (NPL) საქართველოს წარმომადგენლობის
დირექტორი იყო, 1998-2005 წლებში კი ასევე იკავებდა JKX Oil & Gas plc-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის პოსტს.
ბესიკ ბუგიანიშვილს დამთავრებული აქვს (1991-1995 წლებში) ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 1995-1996 წლებში კი Export Academy Baden Wurttemberg და საერთაშორისო ბიზნესის უმაღლესი სკოლა (IBSMoscow) კვალიფიკაციით - საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერი.