მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეგფონდების უკეთესი ათვისების მაჩვენებლის მისაღწევად თანხების განაწილების ფორმულა შეიცვალა"

5c6d695359774
თათია ჩაფიჩაძე
20.02.19 18:50
1182
რეგიონული ფონდების უკეთესი ათვისების მაჩენებლის მისაღწევად თანხების განაწილების ფორმულა შეიცვალა.

ამის შესახებ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ასევე ამოქმედდება „სტიმულირების ფორმულა“, რომლის მიხედვითაც, იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც 1 მაისამდე პროექტები გაფორმებული არ ექნებათ, გამოყოფილი თანხების 50% ჩამოერთმევათ.

„იმისთვის, რომ უკეთესი ათვისების მაჩვენებელი გვქონდეს, შევცვალეთ განაწილების ფორმულა მუნიციპალიტეტის ზომისა და მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. მთავარი კი ისაა, რომ შემოვიღეთ „სტიმულირების ფორმულა“ - იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალიტეტებს 1 მაისამდე პროექტები არ ექნებათ გაფორმებული, მათზე განაწილებული თანხის 50% გადავა თავისუფალ თანხებში. თავისუფალი თანხები დაბრუნდება რეგფონდში და ჩვენ კომისიურად ამ თანხებს გავანაწილებთ იმ მუნიციპალიტეტებზე, ვისაც პროექტები ექნება დასრულებული. ასევე თუ ახალი თანხები იქნება რეგფონდში, ესეც განაწილდება იმ მუნიციპალიტებებზე, რომლებსაც პროქტების 75% დაკონტრაქტებული ექნება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციითვე, გასულ წელს რეგიონალური ფონდიდან 808 პროექტი დაფინანსდა.

„ჩვენთვის მთავარი არ არის ბიუჯეტის საკასო შესრულების პროცენტი, მთავარია, შესრულებული პროექტები და რაც ნაკლებს დავხარჯავთ ალბათ ჩვენი სამუშაოების ეფექტიანობაც ამით იზომება; როდესაც ჩვენ პროცენტულ შესრულებაზე ვსაუბრობთ იქნება ეს ბიუჯეტი თუ რეგფონდი, უნდა გვახსოვდეს რა თანხის პროცენტულობაზეა ლაპარაკი. ჩვენი რეგფონდი იმაზე ბევრად მეტი ოდენობით არის წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გაიცა 243 მილიონი, რითაც დაფინანსდა 808 პროექტი. წლის ბოლოსთვის ანაზღაურება 182 მლნ-ზე გაიცა. მოგეხსენებათ, მშენებლობის დასრულება და თანხის გადახდა არ ემთხვევა დროში ერთმანეთს. სულ მცირე 2-3 კვირა სჭირდება პროცესს რომ შესრულების აქტები იყოს დამოწმებული“, - აღნიშნა დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები