„რეფორმები და ისევ რეფორმები არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა განვითარდეს“ - ამის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
აღნიშნულ დოკუმენტში მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ჯანსაღი მართვა და ხელსაყრელი სამეწარმეო გარემო ხელს უწყობს ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ მშპ-ის ზრდის 4-4,5%-ის ფარგლებში შესანარჩუნებლად საჭირო იქნება შემდგომი რეფორმები.
მსოფლიო ბანკის ამ სულისკვეთებას იზიარებს კერძო სექტორიც. ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ქვეყანას რეფორმები სჭირდება ყველა მიმართულებით. ზვიად ჭუმბურიძე განსაკუთრებულ აქცენტს რეგიონებზე აკეთებს და ამბობს, რომ რეგიონებში ძალიან ბევრი სამუშაოა.
„დღეს ერთ-ერთი კითხვა იყო, რა შეცვლის გარემოს საქართველოში. გარემოს საქართველოში შეცვლის მუდმივი რეფორმები, მუდმივი განახლება, მუდმივი ინიციატივები, მუდმივი შეთავაზებები საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, ყველა მიმართულებით. ეს იქნება საფინანსო-საგადასახადო მიმართულებით, თუ ინოვაციებითა და ახალი რეფორმატული მიდგომებით.
რეფორმები და ისევ რეფორმები, არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა განვითარდეს. ოღონდ ეს უნდა იყოს გათვლილი, მომზადებული, შესწავლილი სერიოზულად ექსპერტების მიერ და შეთავაზებული სხვადასხვა დროს. რეფორმები ყველგან ყველა სექტორში დაწყებული სასამართლო სისტემიდან დამთავრებული აგრარული რეფორმით. მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები.
მათ შორის რეგიონებში არის ძალიან ბევრი სამუშაო, ვინაიდან როცა ჩვენ ევროპულ სტანდარტებზე და სტანდარტიზაციაზე ვსაუბრობთ და ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში რეგიონებში უნდა ვიმუშაოთ. გვაკლია მუშაობა. ნებისმიერი რეგიონში რომ ჩახვიდეთ, ნახავთ, რომ ის, რაც სჭირდება რეგიონებს, მცირე ბიზნესს, არის მეტი ინფორმაციის მიწოდება, მეტი დაფინანსება. „აწარმოე საქართველოში“ ეფექტიანად მუშაობს, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. რეგიონები სუსტად არის განვითარებული ჩვენთან და ეს რეალობაა“,-აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.