საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილი ქვეყანაში ელექტროენერგიის და გაზის გათიშვების ინტენსივობაზე საუბრობს. როგორც კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიუღებელია, რომ მაგალითად, წყალი საათობით ითიშება. კახიშვილის განცხადებით, ეს ხელს უშლის ტურიზმის განვითარებასაც.
„მინდა ყურადღება გავამახვილო ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების საკითხებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის საკითხებზე, ესეც არ არის მთავრობის გადასაწყვეტი, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი კომისიის ჩართვა, მაგრამ საჭიროა სწორი რეგულაციების მიღება. არ შეიძლება ქვეყანაში ასე მუდმივად ითიშებოდეს დენი, წყალი, გაზი და ყველაფერი ბრალდებოდეს ავარიულ გათიშვებს. ადამიანს მისდის sms, რომ ითიშება დენი და როდესაც რეგიონებში დღეობით არ არის შუქი, რა ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ. ბაკურიანი, ბორჯომი, გუდაური და სხვა რაიონები, მათ შორის თბილისშიც, გამოუშვებენ sms-ს, რომ გაითიშება წყალი 18 საათით, 28 საათით, რაღაცა პასუხისმგებლობა თუ არ იკისრეს ამ ადამიანებმა და საკანონმდებლო ორგანოს დონეზე თუ არ მოვთხოვეთ პასუხისმგებლობა, ეს ასე გაგრძელდება მუდმივად“, - თქვა კახიშვილმა.