რეგიონის მკვიდრი უამრავი ახალგაზრდა ბრუნდება და საქმეს იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამბროლაურში განაცხადა.
"ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო აქაური მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს არის რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი და ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ სწორედ ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ ოჯახს, დაეტყობა თითოეული ადგილობრივი მოსახლის შემოსავალს. ამავე დროს ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად ამცირებს რეგიონის დაცლის საფრთხეს და ახალ სიცოცხლეს სძენს მას. ჩვენ კი ეს ულამაზესი მხარე აუცილებლად ფეხზე უნდა დავაყენოთ. აქ სულ სხვა ცხოვრება უნდა დაიწყოს, სისხლსავსე და საინტერესო.
დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელში ჩვენ აქ ვნახავთ ძალიან ბევრ წელგამართულ ადამიანს, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით, ბიზნესის კეთების შესაძლებლობით არჩენენ საკუთარ ოჯახებს და დაასაქმებენ სხვებსაც. რაც ძალიან მახარებს, არის ის, რომ აქ რეგიონის მკვიდრი უამრავი ახალგაზრდა ბრუნდება და საქმეს იწყებს. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მამა-პაპისეულ მიწაზე შექმნან საკუთარი მომავალი.
სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვის წამოვიწყეთ სახელმწიფო პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ. ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სახელმწიფოს მხარდაჭერა სოფელში ბიზნესის დასაწყებად. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, რათა მოტივირებულმა ახალგაზრდებმა შექმნან სოფლებში რძის, ხილისა და ბოსტნეულის, ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები, გააშენონ ვაზი, მოაწყონ საოჯახო მარნები, ააშენონ ფერმები, სამაცივრე მეურნეობები და სხვა. მჯერა, რომ ეს გარდატეხას შეიტანს ახალგაზრდებს შორის და სულ უფრო დიდ დაინტერესებას გამოიწვევს. ეს ჩვენ გვისახავს იმედს, რადგან ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს და მათ ხელშია განვითარების უდიდესი პოტენციალი”,- აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ ბიზნესისთვის სწორი პირობების შექმნამ განაპირობა ის, რომ რაჭა-ლეჩხუმში თანდათან, სულ უფრო ვითარდება ადგილობრივი წარმოება.
“ამის ძალიან კარგი მაგალითია კომპანია - „ბლაუენშტაინ საქართველო“, რომელიც გახლავთ შვეიცარიასთან ერთობლივი საწარმო, აქვს ძალიან მაღალი წარმოება მესაქონლეობის დარგში და დღეს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ამ კომპანიის ხელშეწყობით და სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, ონსა და ამბროლაურში მუშაობს მესაქონლეობის ახალი საწარმოები, რომლებიც სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში.
აგრეთვე, წელს ამბროლაურში გაიხსნა სრულიად ახალი საწარმო „რაჭული ლორი“, რისთვისაც 350 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი საწარმოები, თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

























