შრომის ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს სხვადასხვა ფაკულტეტზე კვოტები რეგიონებშიც დაუწესდებათ. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ პარლამენტში ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების რეგიონებში განაწილებას, რადგან მათი 85% დედაქალაქში იყრის თავს.
"იცით, რომ სტუდენტების რაოდენობის დაახლოებით 85% თბილისის ტერიტორიაზეა თავმოყრილი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ რეგიონულ განვითარებასთან ერთად, მათი განაწილებაც მოხდეს. რჩება ყველა ის რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ისედაც გვაქვს. მათ განესაზღვრებათ რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამები.
კვოტირების მთავარი იდეა გახლავთ შრომის ბაზარზე ორიენტირებული კვოტების განსაზღვრა. დღეს არსებული პრინციპის მიხედვით, სტუდენტები თავს პოპულარულ პროგრამებზე იყრიან და ჭარბი დოზით ამთავრებენ, რაც დასაქმების ავტომატურ პრობლემას აჩენს. რეფორმის იდეა გახლავთ სწორედ ის, რომ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოვახდინოთ ცვლილება არა პოპულარული პროფესიების, არამედ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
რეგიონულ უნივერსიტეტებზე საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილემ ასევე დაადასტურა, რომ ცალკე განიხილება ბათუმისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების საკითხები.
"პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონულ დონეზე ცალკე განიხილავთ, რა თქმა უნდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ცალკე განიხილავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მისი დიდი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ აქ კითხვის ნიშანი საერთოდ არ დგას ამ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებია განხილული, ასევე არ არის დაკონკრეტებული, რას გულისხმობს ზვიად გაბისონია ბათუმისა და სოხუმის უნივერსიტეტების ცალკე განხილვაში.




























