მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონული ექსპანსია და მარკეტების ქსელი - როგორია Wigo-ს განვითარების გეგმები

wigo

მიმდინარე თვეს "ვისოლის" ჯგუფმა ბაზარზე ახალი ბრენდი Wigo წარადგინა, რომელიც დღესდღეობით 15 ბიუჯეტურ ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს. როგორც "საქმინი დილას" ეთერში "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ აღნიშნა, კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი საწვავი წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ სადგურზე იყოს ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

"ბოლო 10 წლის განმავლობაში, საკმაოდ გამრავალფეროვნდა ბაზარი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორების და რეალიზატორების კუთხით. არაბრენდულმა სადგურებმაც გარკვეულწილად დაიწყეს თავიანთი ერგონომიკის შეცვლა უკეთესობისკენ, ბევრი გალამაზდა და ამან გარკვეული გამოწვევა გააჩინა; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა კომპანიამ შექმნა ძალიან კარგი აპლიკაცია, ფასდაკლების ბარათი და ეს დღეს ძალიან კარგად მუშაობს, ვხედავდით, რომ არის მომხმარებელთა კატეგორია, რომელიც მეტად ორიენტირებულია დაბალ ფასზე. ამიტომ ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა ქსელი, რომელიც თავისი კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯების ეკონომიით შეძლებდა, კონკურენცია გაეწია ე.წ. არაბრენდირებული სადგურებისთვის და დავიწყეთ ქსელის განვითარება.

Wigo-ს ბრენდით 15 პატარა ზომის, ბიუჯეტიანი სადგური დღეს უკვე ფუნქციონირებს. ძირითადად უფრო რეგიონებში, რადგან რეგიონებში კონკურენცია ისეთი მაღალი არ არის, როგორც ქალაქში და გვინდა, რომ ზუსტად რეგიონებში შევიდეთ Wigo-ს ბრენდით აქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქშიც გვექნება რამდენიმე ათეული სადგური", - ამბობს "ვისოლის" გენერალური დირექტორი.

რეგიონულ ექსპანსიაზე საუბრისას, ვასილ ხორავამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის მიზანი მარკეტების ქსელის განვითარებაცაა, რომელიც ასევე ბიუჯეტური იქნება და, ავტოგასამართი სადგურების მსგავსად, თვითმომსახურების პრინციპს დაეფუძნება.

"გვინდა Wigo-სთან ერთად განვავითაროთ მისივე ე.წ. Convinience Store-ები, პატარ-პატარა მაღაზიები, სადაც იქნება კიოსკის ტიპის მომსახურება. შესაბამისად, Wigo არ არის მხოლოდ ბიუჯეტური ბრენდი, რომელიც საწვავს გაყიდის. ამავე დროს, ჩვენ გვინდა, რომ ეს სერვისები გადავიტანოთ უკვე მინიმალისტურ მარკეტებში და მათი განვითარება მოხდეს, რადგან მარკეტი და ბენზინგასამართი სადგური დღეს არის ერთი ორგანიზმი. გეგმაში გვაქვს, რომ Wigo "ვისოლზე" მეტი იყოს რაოდენობრივად, რადგან ეს მასობრივი პროდუქტია და ეს რიცხვებშიც უნდა იყოს გამოხატული. არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ ადგილზე გაცილებით აქტიურად ვიყოთ განვითარებული და ფრანჩაიზის მიმართულებითაც წავიდეთ, ადგილობრივ მეწარმესაც შევთავაზოთ ჩვენი სახელი იმისთვის, რომ ეს ქსელი უფრო სწრაფად განვითარდეს და ამ მოდელით.

მარკეტების ქსელი გააერთიანებს პირველადი მოხმარების პროდუქტებს, რომელსაც ჩვენ "სმარტის" მაღაზიებშიც ვხედავთ. გვინდა, Wigo-ს სივრცეში იყოს ასეთივე ბიუჯეტური მაღაზიები, თუმცა ბენზინგასამართ სადგურზე არსებული მაღაზიის კონცეპტი ზოგადად არ არის ბიუჯეტური მაღაზია, პირიქით - ძვირიანია. თუმცა ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეულწილად ზემოქმედება მოვახდინოთ იმ ძირითადი პროდუქტების ფასებზე, რომელიც გაყიდვაში იქნება", - განმარტა ვასილ ხორავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები