რეგიონული განვითარების სამინისტროს მანდატი არ გახლავთ ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციების დუბლირება - ასე უპასუხა პარლამენტში ინტერპელაციის წესით პირველი გამოსვლისას რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დასმულ კითხვას უწყების დებულებაში გაწერილ „დასაქმების პრობლემების რეგულირების“ და „მეწარმეობის მხარდაჭერის“ ფუნქციებით ხომ არ დუბლირდება ეკონომიკის სამინისტროს და აწარმოე სააგენტოს ფუნქციებს და ხომ არ მივიღეთ რეალური შედეგის ნაცვლად გაზრდილი ბიუროკრატია.
„სამინისტროს გამოყოფა ადმინისტრაციულ გაბერვას არ ნიშნავს“ - აცხადებს კახაბერ გულედანი და განმარტავს, რით განსხვავდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს და მისი სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფუნქციებისგან.
„რეგიონული განვითარების სამინისტროს მანდატი არ გახლავთ ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციების დუბლირება. განსხვავება მიდგომაშია. ეკონომიკის სამინისტრო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუშაობენ კონკრეტულ ბიზნესზე, ინვესტორზე პროექტის დონეზე. ჩვენი ინსტრუმენტი კი გახლავთ ტერიტორიული და ინტეგრირებული განვითარება, ანუ იმ გარემოს შექმნა სადაც ინვესტიცია გრძელვადიანად ხდება სიცოცხლისუნარიანი და პროდუქტიული, ამიტომ სამინისტროს გამოყოფა ადმინისტრაციულ გაბერვას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებას და შედეგის გაზომვას იქ სადაც მოქალაქეები ცხოვრებენ და მუშაობენ.
ჩვენი მიზანი არ გახლავთ ცალკეული საკითხების დუბლირებით რეგულირება. ამ და სხვა საკითხებს ამ და სხვა საკითხებს, დებულებაში ღრმა შინაარსი აქვს. ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ რეგიონული პოლიტიკის, ინტეგრირებული ტერიტორიული მიდგომებს და მათ თანამდევად სწორი პოლიტიკით ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი აქტორი ადგილობრივ დონეზე ცხოვრების გაუმჯობესების, მათ შორის მოსახლეობის ტერიტორიული დამაგრების და დასაქმების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.




























