რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზებისა და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამინისტროს - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ჩამოყალიბების საკითხზე, დღეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე იმსჯელეს და მხარიც დაუჭირეს.
მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესაბამისად, სამინისტროს ფარგლებში სპეციალური კომისია შეიქმნება და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით განისაზღვრება თუ რომელ სამინისტროებში გააგრძელებენ მუშაობას დღეს მოქმედი სამინისტროს თანამშრომლები.
რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტივებისა და ვალდებულებების მართვას, კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში მთავრობას შესაბამისი კომისიის შექმნა დაევალება, რომელიც სამინისტროს საბალანსო მონაცემებს და სამსახურებრივ დოკუმენტაციას ორი სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად გაანაწილებს.
შეგახსენებთ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.




























