ჯანდაცვის ახალი მინისტრის ნომერ პირველი ამოცანა, DRG-ის ფასების გადახედვა უნდა იყოს - ასე პასუხობს "ჯეო ჰოსპიტალის" ქსელის და სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო კობახიძე BM.GE-ის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა.
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ DRG-ის სისტემის ფასების გადახედვის გარდა, გადასაწყვეტია მინიმალური სადაზღვევო პაკეტის საკითხიც.
"პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს DRG-ის ფასების გადახედვა რეგიონულ და კლინიკების დონეზე, რაც ჩვენ, არაერთხელ გვითქვამს. 1 წელი გავიდა და სასწრაფო წესით არის ინდივიდუალური კლინიკების დონზე გადასახედი ანაზღაურების საკითხი. მიზეზი ის არის, რომ სამედიცინო სექტორში, ხელფასები გაიზარდა და ამას მომსახურების და სერვისების ფასების ზრდა არ მიჰყვა. შემდეგ დასაბალანსებელია შემოწმების საკითხები. უნდა მოხდეს სწორ მეთოდიკაზე დასმა. ეს არის ნომერ პირველი ამოსავალი მინისტრისთვის, რომ ჩვენ ხარისხის ზრდაზე ვიყოთ ორიენტირებულ და არა გადარჩენაზე.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მინიმალური სადაზღვევო პაკეტის საკითხი გადასაწყვეტია, უნდა მოხდეს თუ არა საყოველთაოზე დაშენება და ა.შ. უამრავი საკითხია, რასაც ჩვენ პირველივე შეხვედრაზე დავაყენებთ. როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ სექტორი არ გაჩერდეს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ DRG-ის სისტემის და ფასების არ გადახედვის გამო, რეგიონული კლინიკების დიდი ნაწილი ზარალზეა", - განაცხადა ნინო კობახიძემ.