რეგიონული ომის ფონზე გადაზიდვების ტარიფები 15%-ით გაიზარდა - ამის შესახებ BMG-სთან Kairos Logistics-ის მმართველი პარტნიორი მიხეილ ნამადოვი საუბრობს.
მისი თქმით, ტვირთბრუნვის შეფერხება პირდაპირ კავშირშია რეგიონში არსებულ არასტაბილურობასთან. როგორც ნამადოვი განმარტავს, პრობლემები შეექმნა ისეთ სტრატეგიულ წერტილებს, რომლებიც შავი ზღვის აუზის მომარაგებაში გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ.
„მდგომარეობა, სამწუხაროდ, რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ომია ჩვენს რეგიონთან. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, დუბაი არის ერთ-ერთი საკვანძო ლოგისტიკური ჰაბი, საიდანაც ტვირთები ნაწილდებოდა, მათ შორის შავი ზღვის მიმართულებითაც“, - ამბობს ნამადოვი BMG-სთან.
მისივე თქმით, ტარიფების ზრდაში დიდ როლს თამაშობს ენერგორესურსების გაძვირებაც - ნავთობის ფასის მატება ავტომატურად აისახება სატრანსპორტო ხარჯებზე.
„საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ამას ნავთობის ფასებზე, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება შემდგომ ტარიფებზე და ამჟამად საზღვაო გადაზიდვები საკმაოდ გაძვირებული გვაქვს. დაახლოებით, 15-პროცენტიანი ზრდაა, ჯერჯერობით კონკრეტულად, ჩინეთიდან და ასევე ევროპის მიმართულებიდან. უკრაინის მიმართულებიდანაც გვაქვს გაძვირება სახეზე,“ - აცხადებს ნამადოვი.
მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ ფასში არ არის: „ძირითადად, რაც ყურიდან შემოდიოდა, ფაქტობრივად გაჩერებულია და ამის გარდა, რაც მოდიოდა, დავუშვათ, ინდოეთის ოკეანიდან თუ ჩინეთის მიმართულებიდან, სამხრეთ აზიიდან, იქაც შეფერხებებია, რადგან კონტეინერებსა და გემებზე დეფიციტია.
რეალური ეფექტი გვექნება დაახლოებით, 3-4 თვეში. ჯერჯერობით პროგნოზების გაკეთება უტოპიურია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს თავისი კვალი ექნება,“ - ამბობს ნამადოვი.




























