საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის დაწყების საფუძველი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამოვლინდა ცალკეული გარემოებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეთანხმებულ ქმედებას.
სავარაუდო შეთანხმებული ქმედებები შეეხება რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გამოცხადებულ ტენდერებს.
მოკვლევა დაიწყო შემდეგი 11 კომპანიის მიმართ:
- შპს „ჯეოექსპერტი“
- შპს „ზაისი და კომპანია“
- შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“
- შპს „ინსპექტ-ასი“
- შპს „ოპტიმალ გრუპ+“
- შპს „ექსპერტ ჰაუსი“
- შპს „სქაისქეიფერი“
- შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“
- შპს „ქრიზოლითი+“
- შპს „მშენ-ექსპერტი+“
- შპს „მეგამშენი“
მიმდინარე წელს, კონკურენციის სააგენტომ ჯამში 3 მოკვლევა დაასრულა. ორ შემთხვევაში დადგინდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კერძოდ, არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები. ერთი მოკვლევის შემთხვევაში კი დარღვევა არ დადასტურდა.
ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე.




























