მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგულაციები და ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება

5fedfcb777a26
შოთა ტყეშელაშვილი
01.01.21 00:10
7577
დღეიდან, 2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ბიზნესისთვის არაერთი ახალი ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდება. მათ შორისაა შრომის კოდექსში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც შრომის ინსპექციის უფლებებს აფართოვებენ, ასევე, რეგულაციები ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ. არაერთი ცვლილება შედის დამატებული ღირებულების გადასახადის აღრიცხვის წესში და იზრდება ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის ტარიფები.

ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება

ფართოვდება შრომის ინსპექციის უფლებამოსილება - დღეიდან, შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები მკვეთრად გაფართოვდება. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ინსპექციას კომპანიების გაფრთხილების გარეშე შემოწმების უფლება უჩნდება. თუკი აქამდე შრომის ინსპექციის შემოწმებები, ძირითადად, შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა, ახალი წესების თანახმად, ინსპექცია შრომითი ურთიერთობების სხვა ასპექტებსაც გააკონტროლებს. კიდევ ერთი საკითხი, რაც ახალი შრომის კოდექსით არის განსაზღვრული, ეს დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს დროის აღრიცხვის “ტაბელის” სისტემის შემუშავების ვალდებულებაა, რომლითაც დამსაქმებლებმა დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაო უნდა აღრიცხონ. ასევე, 2021 წლიდან იცვლება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესიც.

გაძვირებული ტარიფები ელექტროენერგიაზე - 2021 წლის პირველი იანვირდან საქართველოს კერძო ბიზნესისთვის და ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტისთვის ელექტროენერგიის ტარიფი მკვეთრად გაიზრდება. მოქალაქეებისთვის ერთი კილოვატის ღირებულება 3.5 თეთრით იზრდება, ბიზნესებისთვის კი ტარიფის ზრდა საშუალოდ 11-13 თეთრს შეადგენს. მთავრობის განცხადებით, მოქალაქეებს ტარიფის ზრდა სახელმწიფოს მიერ დაუსუბსიდირდებათ.

სემეკის გადაწყვეტილებით, "თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი.

სემეკის გადაწყვეტილებით, "ენერგო პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.227 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი.

არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ახალი ტარიფები ასეთია:

"თელასის" ქსელში:

110-35 კვ. - 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 29.646 თეთრი - ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - 32.831 თეთრი - ზრდა 11.612 თეთრი.

"ენერგო პროს" ქსელში:

110-35 კვ. - 28.267 თეთრი- ზრდა 13.407 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 30.879 თეთრი - ზრდა 14.628 თეთრი;
380-220 ვ - 31.960 თეთრი - ზრდა 10.877 თეთრი.

გაძვირებული ტარიფები წყალზე - სემეკის გადაწყვეტილების თანახმად, პირველი იანვრიდან GWP-ისა და რუსთავის წყლის აბონენტებისთვის წყლის ტარიფი იზრდება.

1) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ სულზე თვეში 4.518 ლარი იქნება, რაც არსებულ ტარიფს 0.627 ლარით აღემატება.
2) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 0.500 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 0.171 ლარით აღემატება;
3) არსაყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტზე 6.503 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 2.100 ლარით აღემატება.

რაც შეეხება შპს "რუსთავის წყალს", გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფმა 10 თეთრით მოიმატა და 3.7 ლარი იქნება.

1 იანვრიდან შენგენში უვიზოდ მოგზაურობისთვის საბუთებს საქართველოს საზღვრის პოლიციაც შეამოწმებს:

2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს.

1 იანვრიდან დღგ-ის გადახდის და აღრიცხვის წესი მთლიანად იცვლება

დღეიდან ძალაში შედის საგადასახადო კოდექსის დღგ-ის ნაწილი, რომელიც სრულად განსხვავებულად აწესრიგებს დამატებული ღირებულების გადასახადის დაბეგვრის და აღრიცხვის საკითხებს. შეტანილი ცვლილებებით დღგ-ის მიზნებისათვის განსხვავებულად განიმარტება ეკონომიკური საქმიანობის შინაარსი. ცვლილებიდან გამომდინარე, 2021 წლიდან ეკონომიკურ საქმიანობად აღარ ჩაითვლება არასამეწარმეო ერთჯერადი და არარეგულარული საქმიანობა (გარდა არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მიწოდებისა). ამას გარდა, საგადასახადო კოდექსში კიდევ არაერთი ცვლილება შედის, რომელთა შესახებაც შეგიძლიათ, BMG-ის ბლოგების სექციაში იხილოთ სტატიები.

მაღაზიებში თამბაქოს შიდა ხილვადობა იკრძალება

თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიზნით, 2021 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში მორიგი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი და აქსესუარი დახლზე და ვიტრინაზე ხილულად ობიექტის შიგნითაც ვეღარ გაიყიდება.

თამბაქოს ინდუსტრია აცხადებს, რომ ცვლილებები განსაკუთრებით მძიმედ რითეილ სექტორს დააწვება, რადგან ინდუსტრია მაღაზიებს კონტრაქტის საფუძველზე გარკვეულ თანხას უხდის იმაში, რომ მათი პროდუქტი თვალსაჩინო ადგილზე იყოს განთავსებული.

დღეიდან კლინიკებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

1 იანვრიდან კლინიკებისთვის რეგულაციების ახალი პაკეტი შედის ძალაში. მთავრობის მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტით ჰოსპიტალური სეტქორისთვის განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები. მართალია კლინიკები ამბობდნენ, რომ ჰოსპიტალური სექტორისთვის პანდემიის პირობებში ახალი ფინანსური ვალდებულების აღება რთული იქნებოდა და მთავრობას 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობების 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადებას სთხოვდნენ, მაგრამ - უშედეგოდ.

3 იანვრიდან თბილისი ენერჯის კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაძვირდება და 1.10 ლარს მიაღწევს. კომპანიის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ტარიფს არ გაზრდიან, მათი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება. 

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, დღეიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია იზრდება.

2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, ხელფასების 100-ლარიანი ზრდა არის გათვალისწინებული. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები