გააგრძელებს თუ არა რეგულაციების გავლენის შეფასების კანონპროექტზე მუშაობას მეცხრე მოწვევის პარლამენტი და როდიდან ამოქმედდება ის ? - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე საუბრობს.
- ბატონო ნოდარ, დაანონსებული იყი, რომ კანონი ძალაში 2017 წლიდან უნდა შესულიყო, მოესწრება ამ ვადებში მისი მიღება?
- ორი მიმართულებით მუშაობენ დონორები. ერთი ევროკავშირი, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს და მეორე - USAID, რომელიც მთავრობასთან მუშაობს. საკმაოდ საინტერესო მსჯელობები იყო და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ახლოს ვართ მის განხორციელებასთან. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უახლოეს წლებში დაახლოებით 272 ნორმატიული აქტი უნდა მიიღოს. ამიტომ მთავრობამ აღიარა, რომ ამ პროცესში მხარეთა სრულყოფილი ჩართულობა აუცილებელია და მან შეიმუშავა 2015-2017 წლების პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია, სადაც პირდაპირ გაიწერა, რომ 2016 წელს საკანონმდებლო უნდა დამთავრდეს და 2017 წელში უკვე მოგების გადასახადის რეფორმის რეგულირების გავლენის ანალიზი (RIA) უნდა ამოქმედდეს. მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ასეთ მოკლე დროში შესაძლებელი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენ ე.წ. ესტონურ მოდელზე ვმუშაობდით, მას საკმაოდ კარგად გაკეთებული RIA ახლდა, რომელიც თუ არ ვცდები ესტონელი ექსპერტების ჩართულობით იყო გაკეთებული და ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ იყო დათვლილი გარკვეული რისკები და როგორ იყო სხვადასხვა ალტერნატივები განხილული.
RIA მისი განმარტებიდანაც ამბობს, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის პროცესია, ანუ როდესაც ჩვენ კანონპროექტს ვიღებთ, კანონს მხოლოდ იურისტები, ეკონომისტები და ფინანსისტები არ ქმნიან, კანონს ძალიან ბევრი მიმართულების ექსპერტების ჩართვა სჭირდება, მათ შორის აგრარული სექტორის, ენერგეტიკის სფეროს ექსპერტების და ა.შ. ამიტომ კანონთან ძალიან ბევრი კითხვა უნდა დაისვას. ჩვენ მაინც გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და კანონმდებლობა აღარ ეხება მარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. კანონმდებლობა ყველას ეხება, ვისაც ჩვენს ქვეყანასთან კავშირი აქვს. როდესაც ინვესტორი ან ტურისტი შემოდის მათ აინტერესებთ ეს. ამიტომ ჩვენ კანონებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიღებთ.
-კანონზე რომელი ჯგუფები მუშაობენ?
- ჩარჩო და მოდელები შექმნილია, მაგრამ ჩვენ ვერ გადავალთ ისეთ სისტემაზე, რომელიც სრული RIA იქნება, რადგან ამის გაკეთება ძალიან რთულია და ბუნებრივია, რომ ჩვენ RIA-ს უფრო მარტივი ფორმის გაკეთება მოგვიწევს და შემდგომ ნელ-ნელა ამის გაუმჯობესება. ჩვენ გვჭირდება კრიტერიუმები, ყველა მას ვერ გაივლის, რადგან ერთი წლის განმავლობაში ასეულობით კანონი დგება. არის კანონები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს. ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვანი კანონები უნდა ავარჩიოთ და არა მარტო კანონები, ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები მიიღება ქვენორმატიული აქტების სახით, მითუმეტეს ევრორეგულაციების დროს ამის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
RIA მხოლოდ კანონებს არ უნდა შეეხოს და ქვენორმატიულ აქტამდე უნდა დავიდეს.

























