პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია სალიზინგო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში ლიზინგთან დაკავშირებული პრობლემების და იმ კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს, რომელიც სალიზინგო ბიზნესს არეგულირებს.
როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემას ქმნის ის მიდგომა, რომ ახალი ფინანსური რეგულაციები მოიაზრებს ამ სფეროსაც და ასოციაციის წარმომადგენლები ამ რეგულაციების კუთხით, დარგის სპეციფიკის - ლიზინგის სისტემის თავისებურებების გათვალისწინებას მოითხოვენ.
მხარეებმა ისაუბრეს კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს და ითქვა, რომ უნდა მოხდეს ლიზინგთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების კარგად გაანალიზება და კანონმდებლობაში შესაბამისად ასახვა, რასაც დამატებითი კონსულტაციები სჭირდება.
რომან კაკულიას თქმით, „პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს ჭარბვალიანობის შედეგები, რაც ნაკლებად მოსალოდნელია რომ დადგეს სალიზინგო საქმიანობისაგან. მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს თუ რა კონკრეტულ გამოწვევებზეა საუბარი ლიზინგთან დაკავშირებით და ვიზრუნოთ, რომ აღნიშნულმა რეგულაციებმა არ შეზღუდოს ამ ძალიან საინტერესო და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო სფეროს განვითარება“.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ლიზინგთან დაკავშირებით, ძალაში ახალი რეგულაციები შევა. კერძოდ, საუბარია ახალ კანონზე, რომლის განხილვაც სავარაუდოდ დეკემბერში დაიწყება.
„ლიზინგსაც უნდა შეეხოს ნაწილობრივ რეგულაციები, საუბარია საბანკო რეგულაციებზე. თუ პირი სესხს იღებს ბანკში და თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ ის იმისგან რომ არ აიღოს უაზრო სესხი, უნდა დავიცვათ იმისგანაც რომ არ მიიღოს უაზრო ლიზინგი“, - ამბობს ქობულია.
"ლიზინგის მიმართულება და დარგი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"