კომპანია “იაგოს ღვინის” დამფუძნებელი, მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ვარაუდობს, რომ სამეწარმეო ვენახების გაშენებისთვის ნებართვის შემოღებით სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირების ხარჯების შემცირებას ცდილობს.
“საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა სუბსიდირებიდან გამოსვლა და ამის გაკეთებას სხვადასხვა გზით ცდილობს”, - განაცხადა მეღვინემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ინტერვიუს დროს, სადაც საუბრის თემა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები იყო.
როგორც ცნობილია, ღვინის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების მოტივით, 1-ელი მაისიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის თანახმად, კომერციული ვენახების გაშენებისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა გახდა საჭირო. „[კომერციული ვენახის გაშენებისთვის ნებართვა] არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ღვინის ხარისხი 'დავიჭიროთ' და გავაუმჯობესოთ“, - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
იაგო ბიტარიშვილი დარწმუნებულია, რომ რეგულაციები ღვინის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს. “ხარისხიანი ვენახი არ იწყება ფურცლებიდან”, - ამბობს მეღვინე.
ინტერვიუ იაგო ბიტარიშვილთან
- თქვენ ხედავთ კავშირს ვენახის გაშენებისთვის ნებართვის შემოღებასა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას შორის?
- ამ საკითხზე იმდენი ითქვა, არ ვიცი, ახალ რამეს თ დავამატებ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ საკითხზე ბოლომდე ღიად არ ხდება საუბარი, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა, სუბსიდირებიდან გამოსვლა და სხვადასხვა გზით ცდილობს ამის გაკეთებას. არ მგონია და ვერ დავიჯერებ იმას, რომ, მაგალითად, ვისაც ვენახის გაშენება უნდა, სახელმწიფომ ეს აუკრძალოს. უბრალოდ, ეტყვიან: „გააშენე სადაც გინდა და როგორც გინდა, მაგრამ ეს ვენახი ვეღარ მოხვდება სუბსიდირების პროგრამაში“...
- ანუ სახელმწიფო ფერმერს ეუბნება, რომ „როცა მოსავალი მოვა, შენს ყურძენს აღარ ვიყიდი, თუ ნებართვის გარეშე იქნება სუბსიდირებული”?
- დიახ, ასე მგონია, რადგან სხვა მოტივაციას აქ ვერ ვხედავ. რა შეიძლება იყოს ამის სხვა მიზეზი?!
- "ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან" - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი…
- აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ ხარისხიანი ვენახი არ იწყება ფურცლებიდან. ნებისმიერი რეგულაცია არანაირად არ აუმჯობესებს ღვინისა თუ ვენახის ხარისხს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყურძნის ხარისხის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სახელმწიფოს მხრიდან რთველის პერიოდში გაცემული სუბსიდირება იყო. აი, ეს არის ვენახების უხარისხობის მთავარი მიზეზი.
- გამოდის, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, ამ გზით როგორღაც შეაჩეროს ჭარბმოსავლიანობა, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო არ აღიარებს ამ პრობლემას…
- ჭარბმოსავლიანობა როგორ არ გვაქვს, თუკი სახელმწიფო ყურძენს ყოველ წელს ყიდულობს?!
- დიახ. მხოლოდ შარშან 250-მდე მილიონი ლარი სწორედ იმ ყურძნის შესყიდვაში დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც კერძო სექტორმა არ შეიძინა და სახელმწიფოს მოუწია ჩაბარება…
- დიახ… ჩემთვის ძალიან რთულია იმის ახსნა, თუ რატომ არის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პოლიტიკა ჯერ კიდევ შენარჩუნებული. ყოველი ინტერვიუს დროს შემიძლია გავიმეორო, რომ ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამის მომხრეა. თუკი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ან თუნდაც სოციალური პროექტი (რადგან ზოგადად ასეა ცნობილი, თითქოს ამით სახელმწიფო გლეხებს ეხმარება), მაშინ სხვაგვარად უნდა შევხედოთ. როგორ შეიძლება გლეხი ვუწოდოთ მას, ვისაც 20, 30 ან 40 ჰექტარი ვენახი აქვს?! ერთი ჰექტარის გაშენება რამდენიმე ათასი დოლარი ჯდება და გადაიანგარიშეთ ეს ათეულობით ჰექტარზე. პირი, რომელსაც ამხელა ინვესტიციის გაკეთება შეუძლია, სახელმწიფოს სოციალურ პროგრამაში რატომ უნდა იჯდეს?! როგორც მინიმუმ, გამოყოფილი მაინც უნდა იყოს, მაგალითად, ერთ ან ორჰექტარიანი ვენახები, რომლებიც რეალურად შეიძლება “გლეხურ კატეგორიაში” გავიყვანოთ…
- თქვენი აზრით, რა შედეგს მოიტანს ვენახების გაშენების ნებართვის რეგულაცია?
- ახალი ვენახები აღარ დაემატება არსებულებს, რაც [სუბსიდირდება] - მე ასე ვფიქრობ, რადგან სხვა მოტივს ვერ ვხედავ. ვაზისა და ღვინის კანონში ისაა ჩადებული, რომ არავინ არავის არაფერს უკრძალავს, უბრალოდ, სუბსიდირების პროგრამაში ვეღარ მოხვდებიან.
- მოკლედ, ფიქრობთ, რომ ბიუროკრატიული ბარიერებით - ნიადაგის ანალიზის, სერტიფიცირებული ნერგების მოთხოვნით და ა.შ. - სახელმწიფო შეეცდება, ქვეყანაში დამატებითი ვენახები აღარ გაშენდეს?
- მე ვერ ვუშვებ იმას, რომ ეს ასე მოხდეს. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო შეიძლება მიზნად ისახავდეს, არის ის, რომ ეს დამატებითი ვენახები მომავალში მისთვის პრობლემად არ იქცეს და კიდევ უფრო მეტი ყურძენი არ მიიღონ ანუ [მეტი ყურძნის ყიდვა არ მოუწიოს მთავრობას]
- საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ღვინის ხარისხზე ზრუნვაზე მეტად მთავარი მოტივი ჭარბმოსავლიანობის შეკავებაა?
- მოდი, ასე ვთქვათ: მგონი, ყველა აღიარებს იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში სუბსიდირებამ ადამიანებს ვენახების გაშენებისკენ უბიძგა და გარკვეული მოტივაცია მისცა…
- დიახ, მისცა სტიმული, რომ მეტი ყურძენი მოეყვანათ…
- რა თქმა უნდა... თუ გაქვთ ნებისმიერი პროდუქცია, რომლის გაყიდვაც გარანტირებულად შეგიძლიათ, თქვენ, რა თქმა უნდა, ირჩევთ მის წარმოებას და ვენახს აშენებთ.
- სახელმწიფოს ამდენი წელი ჰქონდა სუბსიდირების პოლიტიკა და როცა გამოსვლა გაუჭირდა, გადაწყვიტა, ეს საკითხი ამ გზით მოაგვაროს…
- დიახ. მე იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ ის ვარიანტია, რაზედაც მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი. კანონში ისეთი რაღაცებია ჩადებული, რომ მაინც მინდა იმედი დავიტოვო - არავის ვენახის გაშენება არ აეკრძალება. თუ მე ვენახის გაშენება მინდა საკუთარი რისკის ფასად და სახელმწიფოს არ შევეხვეწები, რომ ყურძენი ჩემგან იყიდოს, მაშინ რატომ უნდა დამიშალოს?! ვფიქრობ, ერთადერთი პირობა იქნება ის, რომ ვენახის გაშენება კი შეგიძლიათ, მაგრამ სუბსიდირების პროგრამაში ვეღარ მოხვდებით. ვფიქრობ, მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მოტივაცია, რადგან სხვა საფუძველს სახელმწიფოს მხრიდან ვერ ვხედავ - ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს ღვინის ხარისხთან.




























