ბიზნესმენი დავით კილაძე მიიჩნევს, რომ გასული წლის ზაფხულში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები მცდარია და ქმნის სერიოზულ შეფერხებებს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ყველა რგოლში. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც ამირან გამყრელიძის პოსტს უპასუხა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში ბრალდებული ექიმის, მაია კოხტაშვილის საქმეს გამოეხმაურა. ის გადაწყვეტილების მიმღებებს მოუწოდებს, გადახედონ ნაჩქარევად მიღებულ რეგულაციებს და შეაფასონ მათი შესაძლო შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.
დავით კილაძე განმარტავს, რომ რეგულაციები პაციენტისთვის კვალიფიციური დახმარების საქმეში ხელშეწყობის ნაცვლად, აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარი ფაქტის მსგავსი პროვოკაციული და ექიმის ღირსების შემლახავი მოვლენების განვითარებისთვის.
"გასული წლის ზაფხულში სპეც კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები არის მცდარი და ქმნის სერიოზულ შეფერხებებს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ყველა რგოლში !!!
1) ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტის უფლება გააჩნია ფსიქიური ჯანმრთელობის ცენტრს ( თავისი პროფილით სამეცნიერო-კვლევით და სამკურნალო დაწესებულებას), რომელსაც არავითარი გამოცდილება არ გააჩნია და კომპეტენცია ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას (საკუთარი გამოცდილებით ვადასტურებ )!!!
ამავე დროს დაწესებულებას არ გააჩნია იმპორტის და დისტრიბუციისთვის სპეციალიზირებული GDP სერტიფიცორება, რაც, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის მოწინავე უცხოურ კომპანიებთან პარტნიორობის შესაძლებლობას !!!
2) დაბალი კომპეტენციის გამო შეფერხებულია მოწოდების და იმპორტის პროცედურები, რაც აჩენს ამ კატეგორიის მედიკამენტების პერმანენტულ დეფიციტს ბაზარზე და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პრაქტიკაში ახალი მედიკამენტების დანერგვას !!!
3) შექმნილი დეფიციტების დასარეგულირებლად შეიქმნა ე.წ ორკვირიანი რეცეპტების მცდარი პრაქტიკა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქრონიკულ პაციენტებს, როგორც მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით !!!
4) პრობლემას უქმნის ექიმს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და პაციენტისთვის კვალიფიციური დახმარების საქმეში ხელშეწყობის ნაცვლად, აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარი ფაქტის მსგავსი პროვოკაციული და ექიმის ღირსების შემლახავი მოვლენების განვითარებისთვის",- წერს ის.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ დააკავეს ახმეტის კლინიკის ექიმი, რომელმაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტი დაუმზადა. მაია კოხტაშვილი სასამართლოზე ამბობდა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა. ექიმს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომელიც მოქალაქეებმა შეუგროვეს და ამჟამად თავისუფალია.






















