სამშენებლო ტემპის ზრდასთან ერთად დეველოპმენტში მოთხოვნა მაღალია. როგორც დეველოპერული კომპანია "დომუსის" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე BMG-სთან ამბობს, დღეს კომპანიის მიმდინარე პროექტებში ბინების 60%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.
ქვეყანაში სამშენებლო პროექტების განხორციელება ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა, რამაც უძრავი ქონების ფასებზეც იქონია გავლენა. საქსტატის დათვლით, მშენებლობის ინდექსი გაიზარდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში, რასაც ორი ძირითადი ფაქტორი - ანაზღაურების ზრდა და სამშენებლო მასალების გაძვირება განაპირობებდა.
"დომუსის" გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიაში ფასების მიმართულებით დრამატულ ცვლილებებს არ ელიან, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ სამშენებლო რეგულაციები წლიდან წლამდე მკაცრდება, ბინების ღირებულებაზე ამას თავისი ეფექტი ექნება.
“წელს "დომუსისთვის" რეკორდული წელია. ბაზარზე 200 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები გამოვა. ეს პროექტები მწვანე კონცეფციით შესრულდება. ვინაიდან პრემიუმ სეგმენტში მიწოდება შეზღუდულია, მოთხოვნის ნაწილში პრობლემებს ვერ ვხედავთ. ჩვენს მიმდინარე საცხოვრებელ კომპლექსებში ბინების 60%-მდე უკვე გაყიდულია. ამ პროექტების დასრულება წელიწად-ნახევარში იგეგმება. რაც შეეხება ახალ პროექტებს 2024 წელს "დომუს ნეა" დავიწყეთ, აქაც მოთხოვნა ძალიან მაღალია და მომავალში გვგონია, მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდება და მდგრადი იქნება.
იქიდან გამომდინარე რომ ევროკოდების დანერგვა იგეგმება, ენერგოეფექტურობის კონცეფციის მიმართულება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, ეს კი, რა თქმა უნდა, მშენებლობის თვითღირებულებაზე მოახდენს გავლენას, რაც მომავალ წლებში მცირედით ფასის ზრდას გამოიწვევს”, - ამბობს კომპანია “დომუსის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე.