2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში. BMG-მ იმ მთავარ რეგულაციებს მოუყარა თავი, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება:
მომხმარებლების უმეტესობისთვის დოლარის და ევროს სესხის აღება რთულდება
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მხოლოდ 200,000 ლარზე დიდი მოცულობის სავალუტო სესხის აღება იყო შესაძლებელი. 2024 წლის 1 იანვრიდან კი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ამ აკრძალვის მიდგომა იცვლება.
კერძოდ, ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, 200-300 ათასი ლარის სავალუტო სესხებს ვეღარ აიღებენ, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300,000 ლარით განისაზღვრა; რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ისინი კრედიტის აღებას იმ ვალუტაში შეძლებენ, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, ვისაც ლარის შემოსავალი აქვთ აღარ შეეძლებათ 200-300 ათასი ლარის სავალუტო კრედიტების აღება. ხოლო მათ ვისაც სავალუტო შემოსავალი აქვს თავისუფლად შეეძლება ნებისმიერი მოცულობის სავალუტო სესხი აიღონ.
დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემის ზღვარი ორმაგდება
2023 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემის ზღვარი 15 ათასიდან 30 ათას ლარამდე იზრდება. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად ბანკების ყოველთვიური სავალდებულო შენატანი 3.6 მილიონი ლარია, რაც ახალი რეგუალციის პირობებში 5 მილიონ ლარს მიუახლოვდება. 30 000 ლარამდე დეპოზიტების დაზღვევის ვალდებულება ვრცელდება მიკრობანკებზეც. სისტემა ამჟამად საბანკო სექტორში არსებულ 52.3 მილიარდის დეპოზიტებს ფარავს. აქედან 26,8 ფიზიკური პირების, 25,4 კი იურიდიული პირების დეპოზიტებია. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ბანკებისგან მიღებულ შენატანებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებს. არსებული მდგომარეობით, ფონდის ზომა 187 მილიონ ლარს შეადგენს.
ახალი სატარიფო ცვლილებები ელ.ენერგიის, წყალმომარაგების და გაზის სექტორში
2024 წლის 1 იანვრიდან წყალმომარაგებისა და გაზის სექტორში ახალი სატარიფო ცვლილებები შედის ძალაში. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ტარიფები იზრდება წყალმომარაგების სექტორში კომერციული მომხმარებლებისთვის. კერძოდ იანვრიდან თბილისსა და მცხეთაში ბიზნესებისთვის ტარიფი 2,30 ლარით, რუსთავში კი 2,80 ლარით იზრდება.
იანვრიდან ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება თბილისსა და რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის. გადაწყვეტილება გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა მიიღეს. მაგალითად, „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარით განისაზღვრება. გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება.
ახალი დაბეგვრის სისტემა სათამაშო ბიზნესში
2024 წელს აზარტული თამაშების ბიზნესიდან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მობილიზაცია 400 მილიონი ლარით გაიზრდება. "ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების მიხედვით, იანვრიდან სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან 15%-მდე იზრდება. 2%-ის ნაცვლად საშემოსავლო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება ასევე სათამაშო აპარატების თამაშობებში მონაწილე პირის მიერ გატანილი თანხა.
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება
2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება. დაწესდა გამონაკლისიც. კერძოდ, ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც 2013 წლის ქვემოთ წლოვანებისაა და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება მისი ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.
მოსაკრებლის ზრდა ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე
ცვლილებები ამოქმედდება ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიებისთვის. კერძოდ, უმრავლესობის ინიცირებული კანონით, იანვრიდან კირქვის მოპოვებაზე მოსაკრებელი ორმაგდება. კომპანიებს კირქვის მოპოვებისთვის ნაცვლად 0,14 ლარისა, 0,28 ლარის გადახდა მოუწევთ.
გასამმაგებული მოსაკრებელი დაწესდა ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე. კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი არსებული 0.2 ლარიდან 0.6 ლარამდე გაიზარდა. მომავალ წელსვე ამოქმედდება საკონტეინერო მოსაკრებელიც. 1 მოსმენით უკვე მიღებულია ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში ცვლილებები,რომელიც „საკონტეინერო მოსაკრებლის“ შემოღებას გულისხმობს.
კანონი გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში იქნება საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერი.მოსაკრებლის ოდენობად არაუმეტეს 30 ლარია გათვალისწინებული. შედეგად დეპუტატები მუნიციპალიტეტები ბიუჯეტში დამატებით 14,3 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავენ.
გამწვანების ვალდებულება დეველოპერული ბიზნესისთვის
2024 წლის 1 იანვრიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერულ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება აქვთ. აქამდე აღნიშნულi ვალდებულება მხოლოდ თბილისში არსებობდა. დეველოპერული კომპანიები ექსპლუატაციაში ბინებს ვერ მიიღებენ თუ გამწვანების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ იქნება. ამ მიმართულებით კომპანიები მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებარებიან
ახალი სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა ღვინის ფესტივალების ორგანიზატორებისთვის
2024 წლიდან ძალაში ახალი სახელმწიფო პროგრამა შედის, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის წახალისებას ითვალისწინებს. საუბარია ქვეყნის შიგნით მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაზე, რომლის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 1,5 მილიონი ლარია. 2024 წლისთვის სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება. ჯამში მარკეტინგულ აქტივობებზე ღვინის ეროვნული სააგენტო 2024 წელს 16 მილიონ ლარს დახარჯავს.