მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტოს დირექტორი: სავარაუდოდ, C ვიტამინით 30-ზე მეტი მოქალაქე აცრეს

617019528a729
მარიამ ვარადაშვილი
20.10.21 17:23
31462
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე აცხადებს, რომ გოგელიას კლინიკას ვაქცინაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა, მეტიც, სამედიცინო დაწესებულებას იმუნიზაციის საკითხზე სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციითვე, სავარაუდოდ, C ვიტამინით, დაახლოებით, 35 მოქალაქე აცრეს, დაზუსტებით რა ნივთიერება გამოიყენეს ვაქცინის სანაცვლოდ, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

“მოგეხსენებათ, დღეს ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვაქცინაციის ფარგლებში რამდენიმე მოქალაქე აცრეს, თუმცა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ვაქცინაცია ხორციელდებოდა კლინიკის მხრიდან, რომელსაც ვაქცინაციაზე შეტყობინება არ ჰქონდა. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ პროცედურას ახორციელებდა ექიმი, რომელსაც სერტიფიკატი შეჩერებული ჰქონდა და, შესაბამისად, საექიმო უფლებამოსილების განხორციელების უფლება საერთოდ არ ჰქონდა. მეტსაც გეტყვით, ეს ექიმი უკანონო საქმიანობას 2020 წელს ახორციელებდა, რა დროსაც რეგულირების სააგენტოს მხრიდან გამოვლენილი იქნა მისი უკანონო საექიმო საქმიანობა. ამის გამო მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგა და მასალები პროკურატურაში იქნა გადაგზავნილი", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად სააგენტოს თანამშრომლები კლინიკაში იმყოფებიან და მომხდარს სწავლობენ. მისივე განმარტებით, გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმას ითვალისწინებს.

“თუ გამოიკვეთება, რომ საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, გადაიგზავნება საგამოძიებო ორგანოებში და კლინიკა, ისევე როგორც ექიმი, იმ პროპორციით აგებენ პასუხს, რა პროპორციითაც მიუძღვით მათ აღნიშნულ ქმედებაში წვლილი”, - ამბობს კაპანაძე.

bm.ge გოგელიას კლინიკასთან დაკავშირებას ცდილობს და მათი პოზიციის მიღების შემთხვევაში, მასალას განვაახლებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები