მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტოს კლინიკების შემოწმება გაფრთხილების გარეშე შეეძლება - პარლამენტმა კანონი მიიღო

64a2cf2652847
ინგა მურუსიძე
03.07.23 18:03
1023
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა, მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.

„ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია, თუმცა მარეგულირებელი ვალდებულია, პარალელურად შეტყობინების გაგზავნიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოსგან შემოწმების მიზანშეწონილობის დადასტურება დასჭირდება. გარდა ამისა, მარეგულირებელი არა ერთხელ არამედ 3-ჯერ შეძლებს წლის განმავლობაში დაწესებულებებში სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლია.

„პაკეტი შექმნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებს პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის, სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. გააუმჯობესებს, როგორც სამუშაო გარემოს სამედიცინო პერსონალისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოების გარანტიებს და კლინიკური გამოსავლებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ცვლილებები, მიზნად ისახავს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას. მანდატის გაზრდით, რეგულირების სააგენტო შეძლებს, სამედიცინო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას და მათ დროულ შესწავლას, რაც პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან.

„ცვლილება ითვალისწინებს მარეგულირებლისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭებას, რაც მას საშუალებას აძლევს განახორციელოს, შეტყობინების გარეშე, ინსპექტირება პაციენტის საჩივარზე ან სხვა საყურადღებო შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორც კლინიკებში, ისე ფარმაცევტულ სექტორში. შედეგად მარეგულირებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რეალურ დროში და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, იყოს მაქსიმალურად ობიექტური და დროული.

ასევე ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, განისაზღვრა მისი აპელირების შესაძლებლობა, სასამართლოს როლი და ზეპირი განხილვის შესაძლებლობა ასევე კლინიკებისთვის. მნიშვნელოვანი არის სამართალდარღვევების ნაწილში, ჯარიმების ოდენობის გაზრდა, ასევე დაუყოვნებელი აღსრულება იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელთა იდენტიფიცირება მარტივია და მარეგულირებლებს შეუძლია ადგილზევე დაადგინოს რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე და მიმართოს ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც გაზრდის ჯარიმების პრევენციულ ეფექტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები