მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტოს პაციენტის საჩივარის საფუძველზე უნდა შეეძლოს კლინიკაში შესვლა - გაბუნია

648493a86710f
მარიამ ვარადაშვილი
10.06.23 19:20
482
“რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს პაციენტის საჩივარზე ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება”,-ამის შესახებ თამარ გაბუნიამგანაცხადა.

საუბარია პარლამენტში ინიცირებულ კანონპროეტზე, რომლითაც სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კლინიკაში შესამომწმებლად შესვლა სასამართლოს ნებართვის გარეშე შეეძლება.

გაბუნიას განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.

„დღეს, როდესაც რეგულირების სააგენტოში პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შემოდის, სააგენტოს უწევს მიმართოს სასამართლოს. ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილება 72 საათის განმავლობაში ხდება. ამ დრომდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვეღოს სასამართლოსგან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკა გასაჩივრებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

ამ დროის განმავლობაში, კი იქმნება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დოკუმენტაციის ან სხვა ტიპის მტკიცებულებების გარკვეულწილად შეცვლას. ეს რეგულირების სააგენტოსთვის არის მნიშვნელოვანი საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დაინახოს ობიექტური სურათი, თუ რა მოხდა კონკრეტულად პაციენტთან მიმართებით. სწორედ ამიტომ , რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი და ეს ცვლილებები, რაც პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი, სწორედ ამას ითვალისწინებს",-ამბობს გაბუნია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმითვე, რეგულირების სააგენტოს მანდატი ყველა იმ კლინიკაზე გავრცელდება, რომელსაც სააგენტომ საქმიანობის ნებართვა მიანიჭა.

„ეს იქნება ყველა კლინიკა, კერძო თუ სახელმწიფო, რომელიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს, მიუხედავად იმისა, რა წყაროდან იღებენ ისინი დაფინანსებას. შესაბამისად, ცვლილებებიც შეეხება ყველას“,-აცხადებს გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები