მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეინტეგრირებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების 30% და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების 10% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია

5790a1f0d2449
თათია ჩაფიჩაძე
21.07.16 14:17
1402
სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის 380 და რეინტეგრაციის სერვისის 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა და ასევე მეურვეობა–მზრუნველობის რეგიონული საბჭოების სხდომების მუშაობა შეისწავლა.შესწავლის შედეგებით მიმღები ოჯახების მხრიდან ბავშვების მსუბუქი ფიზიკური დასჯა არასრულწლოვნების 10%-ის მიმართ აღინიშნა; იძულება და დაშინება - 17%-ის მიმართ; ყვირილი, კუთხეში იძულებით დაყენება, გადაადგილების აკრძალვა - ბავშვების 40%-ის მიმართ.

რიგ შემთხვევაში ბავშვებს ასევე შეზღუდული აქვთ გამოხატვის თავისუფლება და ეს ხდება მაშინაც კი, როცა მათი აზრი მიმღები ოჯახის წევრების აზრს ემთხვევა. არასრულწლოვნებს ხშირად არ შეუძლიათ არც სოციალურ მუშაკთან დაკავშირება. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, პრობლემებია რეინტეგრირებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების აღზრდის კუთხითაც. ფსიქოლოგიური ზეწოლაა ბავშვების 35%-ზე, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები კი - 30%-ზე დაფიქსირდა. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით სახალხო დამცველის აპარატში ტრეინინგების კურსის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„მოგეხსენებათ ეს ოჯახები ჩვეულებრივი მოსახლეობის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მინდობით აღმზრდელებათ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ იმის უნარი, რომ მაგალითად მართონ ბავშვის რთული ქცევა, აქედან გამომდინარე აუცილებელია მათი გადამზადება“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატმა ცალკე შეისწავლა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობაც. შესწავლის შედეგად ძალადობის შემთხვევები და არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა შშმ ბავშვებზეც. ასევე დაფიქსირდა ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობა. მაგალითად, რამდენიმე რეგიონში ბავშვებს არ ჰქონდათ ეტლები, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურაში შესაბამისი განცხადება შეტანილი იყო. პრობლემის არსებობას აღაიარებენ სოციალური მომსახურების სააგენტოშიც, თუმცა მიუხედავად არსებული დარღვევებისა, სააგენტოში აცხადებენ, რომ პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით უკეთესობისკენ მიდის. გარდა ამისა, სააგენტოს ხელმძღვანელი მარი წერეთელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თითქმის დასრულებულია „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ ახალი კანონიც, სადაც იარსებებს მუხლი მშობლების ტრეინინგების კურსის ვალდებულების შესახებ.

„უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ზრუნვაში ხვდებიან ბავშვები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი. თავისთავად მათი ქცევა არის რთული და სწორედ ამის გამოძახილია ეს პროცსენტული მაჩვენებელი. მიმღები ოჯახები გადიან გარკვეული სახის სასწავლო ტრეინინგს თუმცა ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ სახალხო დამცველის რეკომენდაციას“- განაცხადა წერეთელმა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, დადებითაც შეიძლება შეფასდეს ფაქტი, რომ ამ ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვები დაცული არიან შრომითი ექსპლუატაციისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისგან. ანგარიშებში წარმოდგენილია სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები