მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეინვესტიციის მოცულობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 4-ჯერ გაიზარდა

5942567b27ee3
სალომე მეცხვარიშვილი
15.06.17 14:06
1221
2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობა 202 მილიონი დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან რეინვესტირებული თანხა მხოლოდ 53 მილიონს შეადგენდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იყო და 44 მილიონს შეადგენდა.

ბიზნესაოსციაციები გაზრდილ რეინვესტიციას მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც კომპანია თანხის რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან თავისუფლდება.

"გადასახადის გადამხდელთა კავშირის" ვიცე-პრეზიდენტი გიგლა მიქაუტაძე „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ რეინვესტიციის გაზრდილი მოცულობა, დიდი ალბათობით, სწორედ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შედეგია. მისი თქმით, მათი გამოცდილებით ბევრი კომპანია იყენებს ახალ შესაძლებლობას და ფულის დივიდენდად გაცემის ნაცვლად, მას კომპანიაშივე აბრუნებს.

"პირველადი შეფასებით, ეს სავარაუდოდ, კავშირშია მოგების გადასახადის ახალ სტრუქტურასთან. ჩვენი გამოცდილებით, ბევრი კომპანია იყნებს ახალ მოდელს, განსაკუთრებით ეს ეხება სავაჭრო კომპანიებს, რომლებიც ზრდიან მარაგებს და არამხოლოდ მათ. ვფიქრობთ, ამას ექნება დადებითი ეფექტი, თუმცა, უნდა დაველოდოთ წლის ბოლოს, როცა სრული მონაცემები გვექნება",- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

"მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძეც აცხადებს, რომ რეინვესტირებული თანხის გაზრდის მოლოდინი ისედაც არსებობდა. ჭელიძის შეფასებით, ეს მიმდინარე წელსვე აისახება დასაქმებისა და ეკონომიკის ზრდაში.

"ის თანხა, რომელიც უნდა გადახდილიყო მოგების გადასახადში, კომპანიებმა არ გადაიხადეს და წავიდა რეინვესტირებაში. წელსვე ველოდებით დასაქმების მიმართულეით დადებით ტენდენციებს. წარმოიდგინეთ: მე არ მქონდა 10 ლარი და ახლა მაქვს, რომლითაც შემიძლია ადამიანი დავიქირავო. დამატებითი თანხები გვაძლევს შესაძლებლობას მეტი საქონელი ვიყიდოთ, მეტი ადამიანი დავასაქმოთ. დასაქმება როცა მოიმატებს, მოხმარებაც მოიმატებს და ეს ეკონომიკურად დიდი ბიძგია ქვეყნისთვის",- აცხადებს მიშა ჭელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები