მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ინვესტორები ქვეყანას არ ტოვებენ”- ირაკლი ჟვანია

640b59b1e7c0b
ანუკა ჯოხაძე
10.03.23 21:13
801
საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით 61%-ით მეტია. შესაბამისი ანგარიში დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გასული წელს დაფიქსირებული FDI-ის მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია. საქსტატის ცნობით, 2022 წელს რეინვესტიციის წილი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.5% იყო.

როგორც აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ პარტნიორი ირაკლი ჟვანია ამბობს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების თითქმის 65%-იან მაჩვენებელს, როგორც დადებითი ისე უარყოფითი შეფასება შეგვიძლია მოვუძებნოთ.

მისი თქმით, დადებით ჭრილში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კომპანიები საქართველოს როგორც სტაბილურ ქვეყანას უყურებენ, შესაბამისად, თანხების რეინვესტირებას აკეთებენ. თუმცა მისი განმარტებით, ქვეყანას უფრო მეტი განვითარებისთვის მსხვილი ინვესტიციები სჭირდება.

“რეინვესტირების ნაწილში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ ადამიანები, რომლებსაც საქართველოში აქვთ ბიზნესი,ამ ქვეყანას განიხილავენ როგორც სტაბილურს და აკეთებენ რეინვესტირებას ყოველწლიურად, რაც ერთი მხრივ კარგია, ე.ი ბიზნესები არ გადიან ქვეყნიდან. ყოველ შემთხვევაში მასშტაბური გადინება არ არის. მეორე მხრივ ეს არის ცუდი, ბევრი ახალი ინვესტიცია გვჭირდება,”-ამბობს „ქუდოს ჯორჯია“-ს პარტნიორი ირაკლი ჟვანია.

ირაკლი ჟვანიამ გააკეთა შეფასება ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც და განაცხადა, რომ ინიციატივებს, რომელიც ქვეყანას აშორებს ცივილიზებულ სამყაროს პირდაპირი გავლენა აქვს საინვესტიციო კლიმატზე.

“ნებისმიერ სახის ინიციატივა, რომელიც გვაშორებს ევროპას, გვაშორებს ამერიკას და იმ სივრცეს სადაც გვინდა ინტეგრაცია აფერხებს როგორც ქვეყნის განვითარებას ასევე ეკონომიკას, ინვესტორებს, იმიტომ რომ ადამიანები მხოლოდ იმ ქვეყანაში შედიან და ახდენენ ინვესტირებას, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით, არის ცივილიზებული სამყაროს წევრი და ზრუნავს განვითარებაზე,”-აცხადებს ირაკლი ჟვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები