ფული ის გამოგონებაა, რომლის შესახებაც ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ თუ ვალუტების გაცვლითი კურსი, ისევე, როგორც ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკა და სხვა მსგავსი ტერმინები ჩვენი ყოველდღიური სასაუბრო თემების ჩამონათვალში ხვდება, არც თუ ისე ხშირად ვლაპარაკობთ თავად ვალუტებზე, მათ ისტორიაზე და წარმომავლობაზე. მსოფლიოში 180-ზე მეტი ოფიციალურად რეგისტრირებული ვალუტაა, რომელთა ნაწილი ქვასავით მყარია, ნაწილი კი - საათობრივად უფასურდება. დღეს, სწორედ უძველესი ვალუტების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ.
როგორც აღმოაჩენთ, ამ ჩამონათვალში ყველაზე ძველი ვალუტა მერვე საუკუნით თარიღდება, რაც არ ნიშნავს, რომ ამ დრომდე ადამიანები არ ვაჭრობდნენ, პირიქით - ვაჭრობა ადამიანის ერთ-ერთი პირველი და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა. თავდაპირველად, ადამიანები ბარტერის პრინციპით ვაჭრობდნენ, ანუ საქონელსა და სერვისებს ერთმანეთში ცვლიდნენ, მაგრამ მოგვიანებით, ვაჭრობა კონკრეტული, მეტად ფასეული საქონლით დაიწყო, რაც საბოლოოდ ქვებით, ვერცხლით და ოქროთი ჩანაცვლდა.
ბრიტანული გირვანქა სტერლინგი / VIII საუკუნე
უძველესი სისტემური ვალუტების ჩამონათვალში პირველ ადგილს ბრიტანული გირვანქა სტერლინგი იკავებს, რომელსაც ადამიანები მერვე საუკუნიდან იყენებენ. ვალუტის სახელწოდება მის იმდროინდელ მდგომარეობას ასახავს: “სტერლინგი” ვერცხლის მონეტას აღნიშნავს, “გირვანქა” კი - წონის ერთეულია. თავდაპირველად, სტერლინგის ვერცხლის 2,400 მონეტა ერთი გირვანქას იწონიდა. ვერცხლის მერე, ბრიტანული ვალუტა ოქროს სტანდარტზე გადავიდა, მაგრამ 1931 წლიდან, გაეთიანებული სამეფო ფიატურ სისტემაზე გადავიდა, რომელიც ქვეყნისა და მისი მთავრობის მიმართ ნდობას ეფუძნება. გირვანქა სტერლინგი ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული ვალუტაა, რაც დიდწილად ბრიტანეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვან დომინაციას უკავშირდება.
სერბული დინარი / 1214 წელი
სერბული დინარი ერთ-ერთი უძველესი ვალუტაა, რომელიც პირველად სერბეთის სამეფოში გამოჩნდა, მეცამეტე საუკუნეში. ვალუტის სახელწოდება რომაული დენარისიდან მომდინარეობს, რომელიც რომის იმპერიის დროს გამოიყენებოდა. შუა საუკუნეებში სერბეთში დინარის გავრცელებამ ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობა მოუტანა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ეკონომიკის სისტემური განვითარების პრეცედენტი შექმნა. სერბული დინარი დღესაც გამოიყენება, მაგრამ თანამედროვე ფორმით, რომელიც 2003 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დამკვიდრდა.
რუსული რუბლი / XIII საუკუნე
რუსული რუბლის ისტორია, სერბული დინარის მსგავსად, მეცამეტე საუკუნეში იწყება, როცა ეს ვალუტა პირველად ნოვგოროდის საგრაფოში გამოიყენეს. რუსეთის ეროვნული ვალუტის სახელწოდება რუსული სიტყვისგან “рубить” მომდინარეობს, რაც დაჭრას ან დაჩეხვას ნიშნავს და ამ კონტექსტში, ვერცხლის ზოდებისგან მონეტების გამოჭრას გულისხმობს. რუსული რუბლი მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ ვალუტად ითველაბ, რადგან მის გარშემო სტანდარტიზებული მონეტარული სისტემა შეიქმნა. ამასთან, რუბლი პირველი ევროპული ვალუტა იყო, რომლისთვისაც ქვეყნის ხელისუფლებამ ათობითი, ანუ ერთი რუბლის კაპიკებად დაშლის სისტემა შემოიღო. დღეს, რუბლი რუსეთის ფედერაციის ეროვნული ვალუტის სტატუსს ინარჩუნებს და ხშირად, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.
ამერიკული დოლარი / 1785 წელი
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალუტა, ამერიკული დოლარი - მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ნდობით აღჭურვილი ვალუტაა. გამოყენებაში დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიღების შემდეგ შევიდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. თავდაპირველად, ამერიკული დოლარი ესპანური დოლარით იყო გამყარებული - ვერცხლის ვალუტით, რომელიც იმ დროს ჩრდილოეთ ამერიკაში იყო გავრცელებული. დროთა განმავლობაში, დოლარმა ყველა კონკურენტს აჯობა და დღეს, ის მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის წოდებას ატარებს, ანუ ის საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსური ტრანზაქციების უმრავლესობაში გამოიყენება და თან, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები რეზერვებს სწორედ დოლარში ინახავენ.
ჰაიტური გურდი / 1813 წელი
ჰაიტური გურდი ჰაიტის ოფიციალური ვალუტაა, რომელიც მე-19 საუკუნეში, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შემოიღეს. გურდი ერთ-ერთი პირველი ვალუტაა კარიბის ზღვის რეგიონში და ის ჰაიტის, როგორც მსოფლიოს პირველი შავკანიანი რესპუბლიკის, ეკონომიკური სუვერენიტეტის სიმბოლოდ იქცა. ჰაიტური გურდის სახელწოდება ესპანური სიტყვიდან “gordo” მომდინარეობს, რაც დიდს და მძიმეს ნიშნავს. ჰაიტური გურდი დღესაც გამოიყენება და ქვეყნის ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენს.