"2025 წელი ფანტასტიკური იყო „გალფისთვის“. დავაფიქსირეთ რეკორდული გაყიდვები როგორც საწვავის, ისე მაღაზიის პროდუქტების - ჰოთ-დოგების, ნაყინისა და ყავის მიმართულებით", - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას, "გალფის" გენერალურმა დირექტორმა, ქრეიგ სთივენ კრამერმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსური წარმატების გარდა, ეს წელი მნიშვნელოვანი იყო სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც.
""გალფში" ჩვენ მხოლოდ კომერციული წარმატებით არ ვამაყობთ; ჩვენ ასევე ვამაყობთ იმით, რაც საზოგადოებისთვის მოგვაქვს. "გალფში" დასაქმებული გვყავს 3000-მდე საქართველოს მოქალაქე. შედარებისთვის, როდესაც 2020 წელს ჩამოვედი, გვყავდა 1200 თანამშრომელი. ასე რომ, ჩვენი შტატი თითქმის გასამმაგდა.
ასევე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენ დავეხმარეთ 300-ზე მეტ საუკეთესო ქართველ სტუდენტს "გალფის სტიპენდიების პროგრამის" ფარგლებში, სადაც ყოველწლიურად 100 საუკეთესო სტუდენტს ვაჯილდოებთ. აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, ჩვენ დავაფინანსეთ 28 სტუდენტი ამერიკის უნივერსიტეტებში ერთი სრული სემესტრით სასწავლებლად.
ასევე გავაგრძელეთ "გალფის საკალათბურთო მოედნების" პროგრამა ზაზა ფაჩულიასთან თანამშრომლობით; გასულ წელს ბათუმში ახალი მოედანი გავხსენით. მხოლოდ 2025 წელს, "გალფმა" 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ამ ტიპის პროგრამებზე", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "გალფის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გაფართოებას გეგმავს სომხეთში. ასევე, მისი თქმით, "მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ლოიალობის პროგრამებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმედია, სომხეთშიც. ასევე, დიდი სიახლეები გვექნება ჩვენი კომერციული კლიენტებისთვის".
ცნობისთვის, "გალფი" სომხეთის ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში შევიდა. საქართველოში კი ამ ეტაპზე კომპანიას 150-ზე მეტი ბენზინგასამართი აქვს. მათ უმრავლესობაზე - 122 სადგურზე მოქმედებს Gulf Store-ის მაღაზია. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების პროდუქცია, ყველა საჭირო პროდუქტი, რაც შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს მგზავრობისას, ასევე გალფის ექსკლუზიური პროდუქტები, როგორიცაა გალფის ჰოთ-დოგი, გალფის ენერგეტიკული სასმელი, ყავა, სენდვიჩი, ნაყინი და სხვა.




























