2025 წლის ბოლო კვარტალში Spotify-მ წლიური მოგება თითქმის გააორმაგა. კომპანიამ ისტორიაში მხოლოდ მეორედ დაასრულა წელი მოგებით - ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან გახდა ცნობილი.
ფინანსური დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ, Spotify-ს აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა, მოგვიანებით კი მაჩვენებელმა ოდნავ იკლო.
პოპულარულმა მუსიკალურმა პლატფორმამ 2025 წელი 2.2 მილიარდ ევროზე მეტი წმინდა მოგებით დაასრულა. ეს 94%-იანი ზრდაა და თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ამ შედეგით კომპანიამ კიდევ უფრო გაამყარა ის პოზიცია, რომელსაც პლატფორმამ 2024 წელს მიაღწია, როდესაც წელი პირველად დაასრულა მოგებით. მანამდე, 2006 წელს დაარსების შემდეგ, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში Spotify ზარალზე მუშაობდა.
გასულ წელს მუსიკალური სტრიმინგ-პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა 11%-ით, ხოლო გადამხდელი გამომწერების რიცხვი 10%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, Spotify-მ შეამცირა ხარჯები და რამდენიმე ბაზარზე ფასები გაზარდა, რითაც 33.1%-იან მოგების მარჟას მიაღწია - რაც კომპანიის ისტორიაში ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2025 წლის წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი წლის ბოლოს ფიქსირდება, როდესაც აქტივობის ყველაზე დიდი კვარტალური ზრდის შედეგად, კომპანიის ყოველთვიურმა აქტიურმა მომხმარებელმა 751 მილიონს მიაღწია.
2026 წლის პირველი კვარტალისთვის Spotify ამ ტენდენციის შენარჩუნებას პროგნოზირებს. ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია დაახლოებით 4.5 მილიარდი ევროს შემოსავალი და 759 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი.
შვედმა აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, დანიელ ეკმა, რომელმაც გენერალური დირექტორის თანამდებობა გასულ თვეს დატოვა, შემოსავლების განხილვისას განაცხადა, რომ Spotify-მ "შექმნა პლატფორმა აუდიოსთვის, თუმცა სულ უფრო მეტად - ყველა სხვა გზისთვის, რომლითაც ავტორები საზოგადოებას უკავშირდებიან".
ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ალექს ნორსტრომმა კი აღნიშნა, რომ "მიზნების განხორციელების წლის შემდეგ, 2026 ამბიციების ზრდის წელი იქნება".




























