მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რემბრანდტის სააუქციონო რეკორდი - ლომის ჩანახატი $18 მილიონად გაიყიდა

Rembrandt

რემბრანდტის ახალგაზრდა ლომი (Young Lion Resting) Sotheby’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე რეკორდულ $17,86 მილიონად გაიყიდა, რითაც რემბრანდტის აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა.

შედარებით მცირე ზომის, ქაღალდზე შესრულებული ლომის პორტრეტი, რომელიც რემბრანდტმა, სავარაუდოდ, 1630-40 წლებში შეასრულა, ბოლო საუკუნის განმავლობაში პირველი ამ ტიპის აუქციონზე გაყიდული ნამუშევარია.

რემბრანდტს ლომის გამოსახულებით სულ ექვსი ნამუშევარი აქვს შესრულებული, აუქციონზე გაყიდული კი ერთადერთია, რომელიც ჯერ კიდევ კერძო კოლექციაში ინახება.

Young Lion Resting, ნახატის ზომა სულ რაღაც 15 სანტიმეტრია

ტომ კაპლანმა, ცნობილმა ინვესტორმა და კოლექციონერმა, რომლის ქონებაც დღეს დაახლოებით $2 მილიარდს უდრის, ნახატის აუქციონზე გატანის მიზეზად ქველმოქმედება დაასახელა. ნახატის გაყიდვის სანაცვლოდ მიღებული თანხა ორგანიზაცია Panthera-ს მოხმარდება. 2006 წელს დაარსებული Panthera ველური კატებისა და მათი ეკოსისტემების დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა საქმიანობას.

რემბრანდტის შემოქმედებაში ცხოველთა გამოსახულებები განსაკუთრებით იშვიათია. დღესდღეობით მხატვრის დაახლოებით 15 ჩანახატია შემორჩენილი, რომლებშიც გამოსახულია როგორც შინაური ცხოველები — ძაღლები, ღორები და ცხენები, — ასევე უფრო ეგზოტიკური ცხოველები, როგორიცაა სპილოები და ფრინველები.

"ეს აუქციონი Panthera-ს უმნიშვნელოვანეს რესურსებს აძლევს, რათა ებრძოლოს ბრაკონიერობასა და ჰაბიტატების განადგურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზრუნველყოს, რომ ის სიდიადე, რომელსაც რემბრანდტი მე-17 საუკუნეში აღტაცებით შეჰყურებდა, მე-21 საუკუნესა და მის შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდეს", — Panthera-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ჯონ ეირსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები