მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Renault Group-ის დროებით დირექტორად დანკან მინტო დაინიშნა

დანკან მინტო

“რენოს ჯგუფის” დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის 15 ივლისიდან დროებითი პერიოდით Renault S.A.-ს გენერალურ დირექტორად დანიშნოს დანკან მინტო, მანამ სანამ ახალ გენერალურ დირექტორს ოფიციალურად დაამტკიცებენ.

ამჟამად "რენოს ჯგუფის" ფინანსური დირექტორი, დანკან მინტო კომპანიის ყოველდღიური მართვის პროცესს გაუძღვება ჟან-დომინიკ სენართან ერთად, რომელიც ამ პერიოდში Renault s.a.s.-ის (ჯგუფის საოპერაციო კომპანიის) თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

დანკან მინტოს აქვს ფინანსური სფეროში მდიდარი გამოცდილება და “რენოს ჯგუფში” მიმდინარე საკითხების სიღრმისეული ცოდნა. იგი კომპანიაში 1997 წლიდან მუშაობს.

რაც შეეხება ყოფილ დირექტორ ლუკა დე მეოს, ის Renault-ს 2020 წლის ივლისში შეუერთდა, მაშინ როდესაც ფრანგული ბრენდი სერიოზულ კრიზისში იმყოფებოდა, კერძოდ წლის პირველ ნახევარში კომპანიამ რეკორდული, 7.3 მილიარდი ევროს წმინდა ზარალი დააფიქსირა.
მანამდე ლუკა დე მეომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Volkswagen Group-ის SEAT-ის ბრენდის აღორძინებაში და ხუთი წლის განმავლობაში იქ წარმატებით იმუშავა.

Renault-ში მისვლის შემდეგ, დე მეომ გადატრიალება მოახდინა და წარადგინა აღორძინების გეგმა სახელწოდებით “Renaulution”. ამ გეგმის ფარგლებში, ფოკუსირება მოხდა მაღალი მარჟის მქონე პროდუქციაზე და განვითარების დროის შემცირებაზე.

ბრენდის სტრატეგია SUV-ებზე გადაერთო, შედარებით ნაკლებად გაყიდვადი მოდელების ხარჯზე. ელექტრომობილად ხელახლა დაიბადა Renault 5, რომელსაც მალევე მოჰყვა მისი კროსოვერული ვარიანტი Renault 4. 2026 წელს დაგეგმილია Twingo-ს დაბრუნება, როგორც ბრენდის ხელმისაწვდომი ელექტრომობილი.

ლუკა დე მეო Renault დატოვა იმისათვის, რომ დაიწყოს ახალი კარიერა ავტომობილების ინდუსტრიის მიღმა. ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, ის გახდება ფრანგული ლუქს-კორპორაციის Kering-ის (Gucci, Balenciaga, Yves Saint Laurent-ის მფლობელი) ახალი გენერალური დირექტორი.

Renault S.A.-ს ახალი გენერალური დირექტორის შერჩევის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მას განიხილავს დირექტორთა საბჭოს მმართველობისა და ანაზღაურების კომიტეტი.

“რენოს ჯგუფი” 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს 31 ივლისს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები