ავტომწარმოებლები Renault-ი და Nissan-ი თავიანთ ალიანსში, რომელიც ათწლეულია არსებობს, ძირეულ ცვლილებებს შეიტანენ. მხარეები შეთანხმდნენ ჯვარედინი წილების 15%-დან 10%-მდე შემცირებაზე, რაც მათ მეტ ფინანსურ მოქნილობასა და ლიკვიდურობას მისცემს. ცნობისათვის, ჯვარედინი მეწილეობა კომპანიების მიერ ერთმანეთის აქციების ფლობას გულისხმობს.
Renault-ი ასევე შეიძენს Nissan-ის ინდოეთში აშენებული ქარხნის 51%-ს, რაც საკონტროლო პაკეტის გადაცემას გულისხმობს. ამის სანაცვლოდ, Nissan-ი ფრანგი მწარმოებლის ელექტრიფიკაციის პროექტში ჩასადები €600 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებიდან გათავისუფლდება.
მოცემული ცვლილებები კომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს პირდაპირ უკავშირდება. ცნობისათვის, Renault-ის CEO ლუკა დე მეო თანამდებობას ტოვებს, ხოლო ივან ესპინოზას სახით Nissan-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ცვლილებები მიზნად ისახავს იაპონური ავტომწარმოებლის პოზიციების დაბრუნებას იმგვარად, რომ კორპორაციებს შორის არსებულ თანამშრომლობას, რომელიც ერთიან წარმოებასა და კვლევას მოიცავს, საფრთხე არ შეექმნას.




























