კლინიკა "მედი’’, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1999 წლიდან პოზიციონირებს, მომხმარებელს ახალი სტრატეგიითა და განახლებული გუნდით წარუდგება.
კლინიკაში BM.GE-ს უთხრეს, რომ ამის ინიციატორი "მედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ მჭედლიძეა.
გუნდის რეორგანიზაციის პროცესში შეიცვალნენ წამყვანი რგოლის წარმომადგენელი კადრები: აღმასრულებელი დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, ფინანსური დირექტორი, კომერციული დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კლინიკურ საკითხებში და ყველა საშუალო რგოლის მენეჯერი.
"მედის" ინფორმაციით, ამ ცვლილებების მიზანი უფრო დიდი წარმატების მიღწევა და კომპანიის ხარისხის გაუმჯობესებაა. მისივე ცნობით, ცვლილებები "მედის" საქართველოში მდებარე 20 ფილიალის რემონტსაც მოიცავს.
კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ წამყვანი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა საერთაშორისო ქსელი "მედი" მთელს საქართველოში ლიდერის პოზიციას საუკეთესო მომსახურების, კვალიფიციური ექიმების, უახლესი ტექნოლოგიებისა და მუდმივი განვითარების დამსახურებით ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ "მედი’’ 30 კლინიკას 3 ქვეყანაში აერთიანებს, 600 ადამიანს ასაქმებს და კომპანიის წლიური შემოსავალი 14 მილიონ დოლარს შეადგენს. კლინიკის დამფუძნებლები კი გიორგი მჭედლიძე (კლინიკა "მედი ესთეტიკის" ჯგუფის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მეცნიერებათა დოქტორი) და მარინა მჭედლიძე (კლინიკა "მედის" სამედიცინო დეპარტამენტი ხელმძღვანელი, ესთეტიკის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ესთეტიკური საერთაშორისო საზოგადოების წევრი) არიან.

























