მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეპრესიული კანონებით საქართველოში მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზება ხდება - HRW

Human Rights Watch

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რიგი კანონები, რომლებიც უსამართლოდ ერევა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში და გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

დღეს, 4 დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ძალადობრივ პოლიციურ პრაქტიკასთან და მაღალი ჯარიმებთან ერთად, ეს ზომები არღვევს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და განსხვავებული აზრის გამოხატვას საფრთხის შემცველს ხდის.

"ხალხს აპატიმრებენ ან აკისრებენ ძალიან დიდ ჯარიმას საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო", - აცხადებს ორგანიზაციის ევროპის და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე გიორგი გოგია.

ადვოკატებთან ინტერვიუები მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ეფუძნება საკმარის მტკიცებულებებს სამართალდარღვევის შესახებ, არამედ ეყრდნობა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, ასევე სახის ამოცნობის ტექნოლოგიას აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის.

იურისტებმა, რომლებიც ათეულობით ასეთ საქმეს უძღვებიან Human Rights Watch-ს უთხრეს, რომ სამართალდამცავი პირები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვიდეო ჩანაწერებიდან ამოიცნეს აქციის მონაწილეები, სასამართლოში არასოდეს იკითხებიან, ხოლო მოსამართლეები რეგულარულად უგულებელყოფენ უფრო მაღალი რანგის პროცედურულ გარანტიებს.

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ახალი კანონების საფუძველზე დაკისრებული ფინანსური სანქციები სადამსჯელო ხასიათის და არაპროპორციულია. ამის მაგალითად მათ 36 წლის მასწავლებლის გოჩა ჭანტურიას შემთხვევა მოჰყვათ, რომელსაც სასამართლომ "გზის ბლოკირების" სავარაუდო შემთხვევისთვის ჯამში 365 ათასი ლარი დააკისრა. მისი ადვოკატის თქმით, პოლიციამ წარადგინა მოკლე ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ ჭანტურია პარლამენტთან ახლოს მშვიდობიანად იდგა გზაზე. ჭანტურიას 60 წლის მამასაც დაახლოებით 70 მსგავსი ჯარიმა აქვს გამოწერილი.

„უკანასკნელი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მასობრივ საზოგადოებრივ პროტესტზე იყო კოორდინირებული მცდელობა, ჩაეხშოთ კრიტიკული განწყობები და მოეშორებინათ ადამიანები ქუჩიდან. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ შეცვალოს ეს რეპრესიული კურსი და აღადგინოს სივრცე მშვიდობიანი შეკრებისთვის“, - აცხადებს გიორგი გოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები