მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეპრესიულმა და ანტიდასავლურმა კანონებმა რისკის ქვეშ დააყენა მედიის თავისუფლება - კვლევა

ტელევიზია

2024 წელს რეპრესიულმა და ანტიდასავლურმა კანონებმა რისკის ქვეშ დააყენა გამოხატვის თავისუფლების გარანტიები და შეზღუდა მედიის თავისუფლება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "მედიახმის" მიერ მომზადებულ კვლევაში "მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის" წერია.

კვლევის მიხედვით, გლობალურ „სუპერ არჩევნების წელს“ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია შეხვდა დასუსტებული - რესურსებისგან დაცლილი და მოუმზადებელი (როგორც შინაარსობრივად, ასევე ფინანსურად), რაც გასულ წლებში გაუარესებულმა მედიაგარემომ გამოიწვია.

კვლევაში წერია, რომ ჟურნალისტებისთვის გაურკვეველია როგორი იქნება დონორების მუშაობის რეჟიმი საქართველოში. არსებობს იმის შიში, რომ ისინი საქართველოს დატოვებენ. მედია ამ ეტაპზე გადარჩენაზეა ფოკუსირებული და არა - განვითარებაზე. ჟურნალისტები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დონორების მხრიდან გრძელვადიანი პროექტების მხარდაჭერას და რესურსების ზრდას.

კვლევის მიხედვით, „მეოთხე ხელისუფლებაში“ ძალაუფლების გადანაწილების ბალანსი დარღვეულია. ის მიტაცებულია მმართველი გუნდის მიერ: პოლარიზაციის ერთ მხარეს არის მმართველი გუნდის მხარდამჭერი მედია, რომლის რესურსები და გავლენა კრიტიკულ/ოპოზიციურ და დამოუკიდებელ მედიაზე დიდია", - ვკითხულობთ "მედიახმის" მიერ მომზადებულ კვლევაში.

თემების ერთფეროვნება კვლავ რჩება ჟურნალისტების წუხილად. კრიტიკული მედიისთვის ველზე მუშაობა, რაც გულისხმობს ხარისხიანი, სიღრმისეული საგამოძიებო და ანალიტიკური მასალების მომზადებას, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ეს განაპირობა კომენტარებსა და საჯარო ინფორმაციის წვდომაზე შეზღუდვებმა.

კვლევაში ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის რამდენიმე ფორმა გამოიკეთა:

საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა;

პარლამენტში ამოქმედებული რეგულაციები და ე.წ. შავი სიები, რომელმაც გაართულა მუშაობა;

პოლიტიკოსების მხრიდან, გადაცემებში მონაწილეობის ბოიკოტი და ანგარიშვალდებულების არქონა, რაც აზიანებს შინაარსის ხარისხს;

მედიის სტიგმატიზაცია მათი პოლიტიკურ პარტიებთან აფილიაციის მიხედვით;

ბიუროკრატიული მართვის სისტემა, რომელიც “უხილავი ხელით” აკორექტირებს ინფორმაციის თავისუფლად დინებას;

ე.წ. ჩრდილოვანი აკრძალვა, როცა კრიტიკულ არხებზე მომხმარებლის წვდომა ტექნიკური ბარიერებით იზღუდება.

კვლევის ავტორების შეფასებით, ასეთი რეპრესიული მედიაგარემო არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. 2024 წლის ბოლოს, დემონსტრაციების გაშუქებისას მმართველი გუნდისა და მასთან აფილირებული ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე ძალადობა, კვლევის მონაწილეებმა „სტიქიური უბედურებას“ შეადარეს. ამას გარდა, ავტორები აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე მმართველი გუნდის მხრიდან წახალისებულმა ფიზიკურმა ძალადობამ უპრეცედენტო ხასიათი და მასშტაბები მიიღო. მედიაში დასაქმებულების სასტიკი მეთოდებით ცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და დანაშაულის ნორმალიზების დამკვიდრებას ახდენდა.

კვლევის მეთოდოლოგია:

მონაცემთა შეგროვების პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის ნოემბერი, დეკემბერი და 2025 წლის იანვარი. კვლევაში ჩართული მედიასაშუალებებიდან ექვსი მსხვილი ნაციონალური მაუწყებელია, ორი - საგამოძიებო სტუდია, ერთი რადიო (საერთაშორისო ბიურო), ერთი ჟურნალი, ათი - ონლაინ და/ან რეგიონული მედია. სულ კვლევაში მონაწილეობდა 20 მედიასაშუალების 23 წარმომადგენელი, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია, ხოლო მედიასაშუალებების ჩამონათვალი წარმოდგენილია დანართის სახით. კვლევის ფარგლებში, ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარდა სამი ფოკუს-ჯგუფი, მათ შორის, ერთი - ონლაინ ფორმატში. რესპონდენტთა შორის იყვნენ ჟურნალისტები/რეპორტიორები, მედია-მენეჯერები, პროდიუსერები, მედიის დამფუძნებლები, საავტორო გადაცემის ავტორები და წამყვანები. ფოკუსჯგუფების პარალელურად, სამი მედიასაშუალების წარმომადგენელთან, მათი თხოვნის გათვალისწინებით, ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები