„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ, უკვე მეცხრამეტე დღეა შიმშილობს. შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება. პარალელურად იმისა, რომ ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის თავისუფლებას მედიის წარმომადგენლები მისი დაკავების დღიდან აქტიურად ვითხოვთ და მოთხოვნაში სამოქალაქო საზოგადოებაც ჩვენს გვერდით დგას, ჟურნალისტის უკანონო პატიმრობა არც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა - შტატების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. ასევე, ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენი "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" თანაავტორი სტივ კოენი, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი და გაერთიანების წევრი ქვეყნების ელჩები, ბუნდესტაგის წევრები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი. მოკლედ, საერთაშორისო საზოგადოება ჩვენთან ერთად - ითხოვს რეჟიმის ტყვე - მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. აქვე იმასაც გეტყვით რომ აღნიშნულზე აქტიურად წერენ მსხვილი, გავლენიანი მედიაგამოცემებიც. მოკლედ, ამბავი გაცდა ქვეყნის საზღვრებს, მოიცვა მსოფლიო და კიდევ ერთხელ ამხილა რეჟიმის სახე. რა რეალობის წინაშე დგას ქვეყანა, რა არის გამოსავალი?
სტუმარი: სალომე მგელაძე - საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად;