მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

re:school საერთაშორისო ბაზარზე გადის — პირველი ფილიალი ვაშინგტონში გაიხსნება

სალომე მგელაძე

ქართული საგანმანათლებლო სტარტაპი re:school საერთაშორისო ბაზარზე გადის. როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე მგელაძე "ქალების ნარატივში" აცხადებს, კომპანია 2025 წლის შემოდგომიდან ოპერირებას დაიწყებს აშშ-ში, კერძოდ, ვაშინგტონში, სადაც პროექტის პირველი ამერიკული ჰაბი ერთ-ერთ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ამოქმედდება.

„სამი წლის თავზე გაგვაქვს უკვე ჩვენი ბრენდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ვაშინგტონი იქნება პირველი ლოკაცია, სადაც re:school ჩაეშვება. ამ ეტაპზე სამართლებრივ პროცედურებს ვასრულებთ და გეგმის მიხედვით, სექტემბრიდან ამოქმედდება. აქტიურად ვმუშაობთ მოსამზადებელ ეტაპზე და ველით წარმატებულ ინტეგრაციას ამერიკულ ბაზარზე,“ — აცხადებს მგელაძე.

მისი თქმით, ამერიკაში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია თავად მოდელმა, რომელსაც სტარტაპი სთავაზობს მონაწილეებს. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარების კურსი. პროგრამა აერთიანებს კოდის წერას, სტარტაპების შექმნის ცოდნას, ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიებს, ემოციური ინტელექტისა და ბიზნეს უნარების განვითარებას.

„ძალიან ბევრი კურსი და უნივერსიტეტი უნდა დაამთავრო, რომ ეს ყველაფერი მიიღო. ჩვენ კი ერთიანად ვთავაზობთ ამ მოდელს ახალგაზრდებს. ეს არის სრულად პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომა“, — განმარტავენ re:school-ში.

გაფართოების შემდეგი ეტაპი, სტარტაპის განცხადებით, ნიუ-იორკი იქნება.

საერთაშორისო გაფართოების პარალელურად, re:school ზრდას განაგრძობს საქართველოშიც. ამ ეტაპზე პლატფორმას 5 ფილიალი აქვს — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, კასპსა და ზუგდიდში, სადაც ახალი ფილიალი სექტემბრიდან ამოქმედდება. ორგანიზაცია ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს გურიაში ფილიალის გახსნაზე.

„ნელ-ნელა ვასრულებთ იმ დაპირებას, რომ re:school რეგიონებშიც ხელმისაწვდომი გახდება. პარალელურად, ძირითადი ამოცანაა კადრების მობილიზაცია. ადგილებზე ვეძებთ დეველოპერებს, ვამზადებთ და მათვე ვასაქმებთ როგორც მენტორებსა და ინსტრუქტორებს,“ - თქვა მგელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები