მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს, ყოფილი - სოციალური მომსახურების სააგენტოში გადავიდა

ჯავარა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კლინიკის დირექტორის თანამდებობაზე ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი დირექტორი თანამშრომლებს მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა, კლინიკის განვითარების გეგმები გააცნო და წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, ჯავარა უგრეხელიძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია და ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული გზა ასე გამოიყურება, 2024 წლის მარტიდან მუშაობდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, სადაც პროფესიული რეგულირების სამმართველოს ერთ-ერთ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 2022-2024 წლებში იგივე კლინიკაში პერსონალის უწყვეტი განათლების ცენტრს ედგა სათავეში. მანამდე კი ეკავა დირექტორის მოადგილისა და სამედიცინო მენეჯერის პოზიციები.

არის მოწვეული ლექტორი თბილისის სამედიცინო აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ნაშრომები კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის მიმართულებით ქართულ და საერთაშორისო გამოცემებშია გამოქვეყნებული.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი დირექტორი გოგა მესხი საქმიანობას სოციალური მომსახურების სააგენტოში გააგრძელებს, სადაც დირექტორის მოადგილის პოსტი დაიკავა.

სარჯველაძემ მესხს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

2024 წლის 22 იანვარს წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს.

თუმცა, 2024 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ შეცვალა.

არსებული მდგომარეობით საავადმყოფოს არაერთი სართული უფუნქციოა და შენობის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან მოდერნიზაციას საჭიროებს.

2026 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს უფლება მისცა 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები