„საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ 2017 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა“, - განცხადებას ამის თაობაზე საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. უწყების ცნობით, მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა.
„„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი - „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით. აღნიშნული კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწრებლად და შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა, მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან, რეაგირების გარეშე დარჩა. ამ დროისთვის კლინიკის დირექტორის მიერ არ ხდება ქმედითი ღონისძიებების გატარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ავთანდილ იმედაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს და ფონდის მენეჯმენტი არ აპირებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნის გაცნობამდე ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო გადაწყვეტილებების განხორციელებას, მათ შორის, დირექტორის გადაყენებას.
კლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გუშინ კლინიკის თანამშრომლებს პირადად გააცნო.
„საპარტნიორო ფონდს“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადმოეცა.
გასულ წელს სს. „საპარტნიორო ფონდმა“ 100% წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC) დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა აღნიშნული საავადმყოფო.
სს. „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „კლინიკების განვითარების კომპანიის“ მიზანია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ასევე, სახელმწიფო კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, არსებული კლინიკების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების, მოდერნიზაციის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით, ინტენსიურ შეხვედრებს მართავს პოტენციურ ინვესტორებთან და ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების მქონე დონორ ორგანიზაციებთან, „კლინიკების განვითარების კომპანია“ არ ერევა მის კუთვნილებაში არსებული საავადმყოფოების სამედიცინო საქმიანობაში და ამ მიმართულებით მათი განვითარების პოლიტიკას არ განსაზღვრავს. კომპანიის ამოცანაა პოტენციური ინვესტორების მოძიება ოპტიმალური საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, სახელწიფო და კერძო თანამშროლობის (PPP)ფორმატში.
კლინიკების განვითარების კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებთან“, - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

























