მიმდინარე წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა პარალელურად კი კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.
როგორც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორი ამბობს, ამ ეტაპზე არსებული შენობის რემონტი მიმდინარეობს, ხოლო საავადმყოფო მუშაობას აგვისტოს შუა რიცხვებში განაახლებს. კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს, ეს რომ მთავრობამ ახალი საავადმყოფოს აშენება გადაიფიქრა და არსებული შენობის რეკონსტრუქცია გადაწყდა, ოთარიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“იყო ასეთი შეთანხმება, რომ კლინიკის უკან უნდა აშენდეს თანამედროვე საავადმყოფო და შემდგომში ეზოს წინა ნაწილს განკარგავდა სახელმწიფო. ჯერ ვერაფერს გეტყვით, ჩვენთვის წარმოდგენილი არ ყოფილა, შენობის ახალი პროექტი, ახლა დღის წესრიგში ამ წუთას დგას არსებული ემერჯენსი შენობის დროული რეკონსტრუქცია და საავადმყოფოს ფუნქციონირების დროული აღდგენა. ასეთი წინადადება იყო თავიდანვე როდესაც დაიწყეს საუბარი ძველი კორპუსის ნგრევაზე, რომ უნდა აშენებულიყო ახალი. თუმცა ჯერ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები გადადგმული არ არის და რამდენადაც ვიცი მოსამზადებელი სამუშაოები არის დაწყებული. თუმცა ეს მოსამზადებელი სამუშაოები შეეხება ახალი კორპუსის აშენებას თუ ძველი შენობის სრულ რეკონსტრუქციას ჩვენთვის უცნობია,”- აცხადებს ნინო ოთარიშვილი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა არც იმ თანამშრომლების ბედი, რომლებმაც კლინიკის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების გაუქმებამდე სამინისტროს კომპენსაციები აიღეს, თუმცა შემდეგ კლინიკაში დაბრუნება კომპენსაციის დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვეს.
ოთარიშვილის თქმით, ჯამში საავადმყოფო 350-მა ადამიანმა დატოვა, შესაბამისად, ახალი კადრების დასაქირავებლად კონკურსის გამოცხადებაა გეგმაში.
“654 თანამშრომელი მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როდესაც მისი ლიკვიდაცია გამოცხადდა და 350-მა დატოვა პოზიცია, ძირითადი ნაწილი არის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სანიტრები და უმცროსი ექიმები. პოზიციები დატოვეს ექიმების ძალიან მცირე ნაწილმა, დაახლოებით 10-მა პროცენტმა. საშუალო მედპერსონალის შესავსებად გამოცხადდება კონკურსი, უკვე დაწყებულია კონკურსი ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად და უნდა შეივსოს ეს რაოდენობა. ექთნების გარეშე უბრალოდ ვერ ვიმუშავებთ.
რაც შეეხება წასულ თანამშრომლებს, მათმა ნაწილმა გამოთქვა მზაობა, რომ აღებული კომპენსაციები დააბრუნონ და დაბრუნდნენ კლინიკაში, თუმცა ეს იურიდიულად მოწესრიგებული ჯერ არ არის და ჩვენთვის უცნობია ამ ადამიანების ბედი,”- ამბობს ნინო ოთარიშვილი