რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის განახლებისთვის ემზადება - საავადმყოფოში ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაშიც სამინისტრო თითქმის 400 000 ლარს ხარჯავს. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გამარტივებული გზით შპს დეტალთან გაფორმდა, სამუშაოები ადგილზე 30 ივლისს უნდა დასრულდეს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოთარიშვილი გადაცემა "საქმის კურსში" აცხადებს, რომ რემონტი თვის ბოლოს დასრულდება, თუმცა ამის პარალელურად უნდა მოხდეს საშუალო და უმცროსი პერსონალის დასაქირავებლად კონკურსის გამოცხადება, რადგან საავადმყოფოს პერსონალი ნახევარმა გამოცხადებული ლიკვიდაციის პროცესში სამუშაო ადგილი დატოვეს.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში რეგულირების სააგენტოში ახალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ განცხადება გააკეთებდა, რომ საავადმყოფოს რეანიმაციამ ფუნქციონირება შეძლოს.
“დაწყებულია ემერჯენსის შენობის რემონტი და იქ არსებული სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო პირობების შექმნა. პირველ რიგში ამოიტუმბა წყლით სავსე სარდაფი, ჩვეულებრივი ტუმბოების დახმარებით. ამის შემდეგ ძირითადი ტუმბოები, რომელიც მოქცეული იყო წყალში გაშრება, გასუფთავდება და იმედი გვაქვს ფუნქციონირებას შეძლებს.
ამას გარდა დაწყებულია რემონტი, იმისთვის რომ საოპერაციო, რეანიმაციულმა და ინტენსიურმა განყოფილებებმა შეძლონ სანებართვო პირობების დაკმაყოფილება, რომელიც 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მაშინდელ უწყების ხელმძღვანელობას ამ მიმართულებით სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებია. გაკეთდა ვენტილაციის სისტემა, ჩართულია და ფუნქციონირებს სრულყოფილად. კეთდება იატაკები. ამ წუთას ხდება თვითსწორებადი იატაკების დასხმა ორივე სართულზე, შემდეგ დაიწყება ახალი საკანალიზაციო მოწყობილობების დამონტაჟება. გაკეთდება კოსმეტიკური რემონტი და კლინიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კლინიკების ფუნქციონირებისთვის.
რემონტი დასრულდება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში მოხდება სტაფის შევსება, რომელმაც დატოვა კლინიკა და გამოცხადდება კონკურსი. დაიწყება ტრენინგები ახალი პერსონალის. ძირითადად ეს შეეხება საშუალო და უმცროს პერსონალს, რადგან ექიმების უმრავლესობას არ დაუტოვებია თანამდებობა. დაახლოებით ველოდებით, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს კლინიკამ ფუნქციონირება,”- ამბობს ნინო ოთარიშვილი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება შეჩერდა. მისი გადაწყვეტილებით კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა პარალელურად კი კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.
როგორც კობახიძე მაშინ ამბობდა, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებდა. 3 წლის თავზე კი სამშენებლო სამუშაოები დასრულდებოდა და საავადმყოფო მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდოდა ახალ შენობაში.