რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, გუშინდელი აქციის შემდეგ საავადმყოფოში 22 პაციენტი მიიყვანეს, აქედან 10 უკვე გაწერილია.
მისი თქმით, დანარჩენი პაციენტები აგრძელებენ მკურნალობას. კლინიკაში გადაყვანილებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ლევან გოფოძის თქმით, დაგეგმილია ერთი ოპერაცია პაციენტისთვის, რომელსაც მხრის მოტეხილობები აქვს. ინტოქსიკაციით მხოლოდ ერთი პაციენტია შეყვანილი.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გაუძღვა. მან პარლამენტის სპიკერის სკამი დაიკავა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ ასამბლეის წევრებს აღარ მისცეს სესიის გაგრძელების საშუალება, რის შემდეგაც ღონისძიებამ სასტუმრო “რადისონში” გადაინაცვლა. თუმცა, აქაც არ ჩატარებულა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მალევე საქართველო დატოვეს. ღონისძიების პარლამენტში ჩატარებას მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტიც, რომელმაც გუშინ ღამით პარლამენტის მიმდებარედ გადაინაცვლა. მომიტინგეების მოთხოვნა იყო, “ქართულ ოცნებას” აეღო მომხდარზე პასუხისმგებლობა. აქტივისტების ნაწილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოწოდების შემდეგ პარლამენტის შენობის დაკავება სცადა, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოჰყვა. სიტუაცია მოგვიანებით კიდევ უფრო დაიძაბა, აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავებულია ათობით ადამიანი. დაკავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ცნობილი.

























