მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნის კონკრეტულ თარიღზე ჯერ საუბარი არ ღირს - ჯანდაცვის მინისტრი

საავადმყოფო

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნის კონკრეტულ თარიღზე ჯერ საუბარი არ ღირს.

bm.ge დაინტერესდა, თუ როდის გაიხსნება რეაბილიტირებული რესპუბლიკური საავადმყოფო და როდის გეგმავს სახელმწიფო “ავერსის” წინაშე “ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არსებული დავალიანების დაფარვას"?

“ამასთან დაკავშირებით [რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნა] ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით შემიძლია გიამბოთ. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ წინასწარ თარიღის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს დამოკიდებულია მნიშვნელოვან სხვა ფაქტორებზე, რასაც ეტაპობრივად მომზადება დასჭირდება. მერწმუნეთ, თქვენი თვალსაწიერიდან არ გამოვა ის გარემოება, როცა გაიხსნება და დაიწყებს ფუნქციონირებას რესპუბლიკური საავადმყოფო. არ ღირს კონკრეტულ თარიღზე საუბარი.

დავალიანებას რაც შეეხება, ეს გადაჯაჭვულია იმასთან, თუ როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას რესპუბლიკური საავადმყოფო”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი, კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტი განხორციელდებოდა.

ცნობისთვის, ის შენობა-ნაგებობები, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზეა განთავსებული „ავერსი ფარმას“ ეკუთვნის. კომპანიამ სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მლნ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მესაკუთრე კუთვნილ შენობებს დღემდე ვერ იყენებს.

წლების განმავლობაში სახელმწიფო „ავერსი ფარმას“ ქონებით სარგებლობისთვის საიჯარო თანხას უხდიდა, თუმცა 2019 წელს საიჯარო თანხაც არ გადაუხდიათ. ინფექციური საავადმყოფოს მხრიდან კომპანიისთვის ასანაზღაურებელი დავალიანება 400 000 ლარს აჭარბებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები