28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა. ცერემონიალზე გამარჯვებულები სულ 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ. „სავაჭრო ფართების“ (Retail) კატეგორიაში კი მთავარი, ოქროს ჯილდო ჟიურიმ რესტორან „წისქვილს“ გადასცა.
„წისქვილი“ არ არის მხოლოდ კვების ობიექტი, მისი გარემო ვიზიტორებს აძლევს ემოციას, რომელიც მათ თან დიდხანს მიჰყვებათ. უცხოელებისთვის კი ჩვენთან სტუმრობა არის ქართული კულინარიის, კულტურის, ფოლკლორისა და არქიტექტურის გაცნობის საუკეთესო საშუალება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურისა და დაჯილდოების ორგანიზატორებს „წისქვილის“ ამ მახასიათებლების დანახვისა და დაფასებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჯილდო“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შველიძე.
FIABCI World Prix d'Excellence, რომელიც უძრავი ქონების ოსკარად მიიჩნევა, ადგენს უძრავი ქონების შესაბამისობას საერთაშორისოდ აღიარებულ კრიტერიუმებთან. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური, ასევე, აფასებს პროექტის ინოვაციურობასა და მის ესთეტიკურსა და ფუნქციურ მხარეებს.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ყველა აღიარება. ეს არის ერთგვარი სტიმულიც, გავაგრძელო ამ სივრცის გაუმჯობესება და მის დიზაინზე მუშაობა, რათა „წისქვილში“ მოსულმა ყველა სტუმარმა თავი გამორჩეულად იგრძნოს“, – გვითხრა „სტუდიო-9“-ს მთავარმა არქიტექტორმა მამუკა ჩხაიძემ, რომელსაც „წისქვილი ჯგუფის“ რესტორნების არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი ეკუთვნის. ამასთან ერთად, ის „წისქვილი ჯგუფის“ დამფუძნებელია.
მშენებლობის სექტორის გამორჩეულ მონაწილეთა და დაჯილდოების გამარჯვებულთა რიგებში მოხვედრა „წისქვილი ჯგუფს“ FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა, ლიკა ქარდავამაც მიულოცა.
„დაჯილდოების მიზანი ინოვაციური, კარგად ნაფიქრი კონცეფციისა და მაღალი სტანდარტის შენობების და პროექტების გამოვლენა იყო. ასევე, იმ ადამიანების, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება მარტივი არ არის, ამიტომ ვულოცავ „წისქვილი ჯგუფს“ წარდგენილ ნომინაციაში ოქროს ჯილდოს მოპოვებას“, – გვითხრა ლიკა ქარდავამ.
FIABCI World Prix d'Excellence-ს ჯილდო გამარჯვებულებს ანიჭებს უფლებას გამოიყენონ Prix-ის ლოგო. ამასთან ერთად, ისინი იღებენ წვდომას FIABCI-ის უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმასა და ქსელზე, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ წევრ ქვეყანას და 120-ზე მეტ უძრავი ქონების პროფესიულ ორგანიზაციას.
FIABCI Prix d’Excellence-ს 30 წლიანი ისტორია აქვს. კავკასიის რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაჯილდოებას უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებაა.
R