2025 წლის დეკემბერში, "თიბისი ბანკის" არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯებზე წლიურად 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა. "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვის მიხედვით, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 36 ლარი შეადგინა.
ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას "გასტრონავტის" დამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი. მისი თქმით, უნაღდო ტრანზაქციების ზრდის ტემპი 2025 წლის დეკემბერში როგორც რეზიდენტების ისე არარეზიდენტების მხრიდან 2024 წლის დეკემბრის პასიურ პერიოდს უკავშირდება, რადგან ამ დროს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე რესტორნებს არა თუ უცხოელები, ადგილობრივებიც ნაკლებად სტუმრობდნენ. მისი თქმით, ჩეკის საშუალო მოცულობაში დღეს წამყვანი მაინც ინფლაციის ფაქტორია, რადგან მენიუს ფასები 10-15%-ით არის გაზრდილი.
“10-15%-მდე გაიზარდა შარშანდელთან შედარებით, თუ მეტად არა, ზოგადად მენიუს ფასი. კომპანიებს, რესტორნებს, სასტუმროებს ფასების გაზრდა პროდუქტების ფასების ზრდიდან გამომდინარე უწევთ. მაგალითად ხორცი შარშან 26-27 ლარი ღირდა, ახლა 31-33 ლარი ღირს. ეს ყველაფერი საბოლოოდ მომხმარებელზე მოქმედებს და არა ბიზნესებზე. ის ბიზნესები, რომლებიც ამ ეტაპზე ცდილობენ ფასები შეაკავონ, ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან და მე ვფიქრობ, 2026 წელს 70 სკამზე ქვემოთ რესტორნები რაც არის, მათ ძალიან გაუჭირდებათ და ვფიქრობ, რომ მხოლოდ დიდი, 140-150 სკამზე მეტი ობიექტები შეძლებენ არსებობას.
ხარჯები იზრდება, ხელფასებიდან დაწყებული პროდუქტებით დასრულებული, და ჩვენს სტუმარს არ უნდა ზედმეტი თანხის გადახდა, ანუ პროტესტი აქვს ამაზე. თუ სეზონზე ფასების კლება მოხდა, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ მე არ მახსენდება, რაც ამ სფეროში ვარ, რომ მაგალითად ხორცის ფასი ოდესმე დაკლებულიყო”, - ამბობს ლევან ქოქიაშვილი BMG-სთან.




























