რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, დარგის წარმომადგენლებს რესტორნებში ფასები კბილებით უჭირავთ, თუმცა ფასების გაზრდა მაინც უწევთ. კოტე გაბრიჩიძე, სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და მენიუს გაძვირების ობიექტურ მიზეზებზე "საქმის კურსთან" საუბრობს. მისი განმარტებით, რესტორნებისთვის ფასების ცვალებადობა არასასურველი პროცესია, თუმცა გაზრდილი ხარჯების ფონზე, ფასების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება.
კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ფასების ზრდას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: გაძვირებული კომუნალური გადასახადები და პროდუქცია, მზარდი საიჯარო ქირა და თანამშრომლების ხელფასების მომატების აუცილებლობა.
“რესტორანს ძალიან არ უნდა, არ უყვარს ფასების თამაში. მაგალითად, მე დიდი სიამოვნებით, ფასს წლების განმავლობაში არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ამ ფასის ცვალებადობაზე სულ ყოველთვის, ტურისტი იქნება თუ ადგილობრივი, მიდის ხოლმე დისკუსია.
მირჩევნია სტაბილურობა იყოს, მაგრამ როდესაც რაღაც ერთი კომპონენტი ძვირდება სხვა გზა აღარ არის. მაგალითად, თანამშრომლის ხელფასი ითხოვს მომატებას, იმიტომ რომ არ ყოფნის მას ფული, გუშინ ჰყოფნიდა, მაგრამ დღეს იმდენად გაიზარდა ფასები რომ თანამშრომელი გეუბნება მომიმატეო.
რაღაც პერიოდულობით იჯარაც იზრდება. კბილებით გვიჭირავს ფასები და ბოლო ბოლო ჩვენც იძულებული ვართ, რომ სიტუაციას დავეწიოთ - ბევრი პარამეტრია ერთობლიობაში. შპს-ს რეგისტრაცია გაძვირდა ორჯერ, დენის ფასი გაიზარდა, ნაგვის გატანა გაძვირდა. უამრავი ზემოქმედება მოხდა ფასებზე, სულ ყოველთვის ზრდაზე. კლება თითქმის არ არსებობს.
მთავრობა ამბობს, რომ დღგ-თი იკვებება... როდესაც დღგ-ზეა ლაპარაკი მხარდაჭერა სჭირდებათ, და როდესაც ჩვენ გვჭირდება მთავრობასთან ურთიერთობა, მაინცდამაინც დიდი აქტიურობა არ არის ხოლმე. სამწუხარო რეალობა ასეთია. რიგ ძალიან წარმატებული ქვეყნებს საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს - დღგ საერთოდ დიფერენცირებული აქვთ. მაგალითად საფრანგეთში საკვებ პროდუქტზე დღგ არ არის რესტორნებში (ნუ სასტუმროების რესტორნები იგულისხმება), სასმელებზე არის. ზოგ ქვეყანაში საერთოდ არც სასმელზე და არც საჭმელზე არ არის დღგ რესტორანში და მორჩა.
არაერთხელ გვითქვამს, რომ მივბაძოთ მათ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი გამრავლების ტაბულა გვაქვს... არ ვიცი ახლა რამდენად დიდი ხანი ვაჯობებთ საფრანგეთს ჭკუაში”, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე.




























