მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Retail Group Georgia სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს წაახალისებს

61195aefa25a0
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 10:10
1800
საცალო გაყიდვების კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯია“ სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს წაახალისებს. კომპანია საქართველოს ბაზარზე ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორიცაა "ზარა", "მარქს&სპენსერი", "ბერშკა", "მასიმო დუტი", "ფულ&ბეარი", "სტრადივარიუსი" და ა.შ.

BM.GE-სთან საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით 700 დასაქმებულისთვის მაგალითის მისაცემად მენეჯმენტის თითოეული წევრი სრულად აიცრა და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თანამშრომელთა ვაქცინაციის წახალისების მიზნით საინფორმაციო კამპანიაც წამოიწყო, რასაც შემდგომში წახალისება მოჰყვება. თუმცა დღეისთვის შეთავაზებები დამუშავების პროცესშია, შესაბამისად კომპანიის ხელმძღვანელი კონკრეტულ წამახალისებელ ღონისძიებებს ჯერ არ ასახელებს.

„ვაქცინაციის მიმართ ჯგუფში არსებული დამოკიდებულება დიდად არ განსხვავდებოდა ქვეყანაში არსებული საერთო სურათიდან, ამიტომ დასაქმებულებისთვის მაგალითის მისაცემად მენეჯმენტში ყველა ავიცერით და მათაც აცრისკენ მოვუწოდებდით.

შემდეგ გავაკეთეთ კვლევა და გამოვიკითხეთ, ვინ იყო აცრილი და ვინ არა, დავადგინეთ ისიც, რატომ არ იყვნენ აცრილები და აღმოჩნდა, რომ იყო ინფორმაციის ნაკლებობა. ბევრ ჩვენს თანამშრომელს ჰქონდა კითხვები, რომელზეც პასუხი არ იცოდა, შესაბამისად, მათი ინფორმირება გადავწყვიტეთ. დავუკავშირდით ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს, რომელიც ჩვენს შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა და თანამშრომლებთან ერთსაათიანი ვიდეოჩართვა დავაორგანიზეთ, სადაც თითოეული დასაქმებულის კითხვას გაეცა პასუხი. ვინც ვერ დაესწრო, ის ჩანაწერს ნახავს. ამ ინფორმაციის ნაკლებობის შევსების შემდეგ ვაპირებთ ორჯერადად აცრილ თანამშრომლებს გარკვეული სახის ბენეფიტები შევთავაზოთ, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და ვფიქრობთ, რომ ბენეფიტები - წამახალისებელი ღონისძიებები თანამშრომლებზე ოქტომბრიდან გავრცელდება. ამ სასიხარულო ინფორმაციას თანამშრომლებს მალე მივაწვდით“, - უთხრა BM.GE-ის რევაზ მაღალაშვილმა.

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანია კოვიდ-რეგულაციების დაცვას ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ზედმიწევნით ასრულებდა.

„700-მდე თანამშრომელი გვყავს და შიდა გავრცელება ფაქტობრივად არ გვქონია, თუმცა ჩვენი თანამშრომლები სამსახურის გარეთ ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და სამსახურის გარეთ ინფიცირების ბევრი შემთხვევა იყო. ჩვენ როგორც არ უნდა ვაკონტროლოთ რეგულაციები სამსახურის შიგნით, გარეთ ინფიცირების რისკები ძალიან მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვაქცინირებული იყოს“, - თქვა რევაზ მაღალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები