მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“რეცეპტები გატეხილი გულებისთვის” - უზბეკეთის უძველესი ქალაქი ბუხარა თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს პირველად მასპინძლობს

1 Bukhara
16.09.25 23:44
232

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

თანამედროვე ხელოვნების ბიენალე სახელწოდებით "რეცეპტები გატეხილი გულებისთვის" 5 სექტემბერს გაიხსნა. 10 კვირის განმავლობაში გამოფენის ფარგლებში მნახველებს შეუძლიათ, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება, ხალხური რეწვის მასტერკლასებში მონაწილეობის მიღება და მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს გაცნობა.

ბიენალეს ორგანიზატორი უზბეკეთის ხელოვნების და კულტურის განვითარების ფონდია, რომელიც უკვე შვიდი წელია, რაც მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროექტებსა და ახალ ინიციატივებზე.

ბიენალეზე შესვლა უფასოა და წინასწარი მოლოდინებით ბუხარა ფესტივალის ფარგლებში, 500 000 ვიზიტორს ელოდება. მსგავსი ღონისძიების ჩატარება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს ქვეყნის მხრიდან მიზანმიმართული ინვესტიციაა, რომლის მთავარი მიზანია ხელოვნების სხვადასხვა დარგის და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივით.

დიანა კემბელი

ბიენალეს კურატორი ამერიკელი შემოქმედებითი დირექტორი დიანა კემბელია. აღსანიშნავია, რომ რესტავრაციის შემდეგ, ახლად გახსნილი ქარვასლები, მედრესები და მეჩეთები, რომლებიც ბიენალეს მასპინძლობენ UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია.

ქვეყნის ისტორიაში პირველად გამოფენაზე წარმოდგენილია უცხოელი ხელოვანების და ადგილობრივი კერამიკის, მინიატურის, ქსოვის, ოქრომკერდით ქარგვის დარგების წარმომადგენლების, ფოტოგრაფების და მხატვრების, ჯამში, 200-ზე მეტი მონაწილის 70 ახალი ხელოვნების ნიმუში და ინსტალაცია.

ბიენალეზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გასტრონომიულ პროექტ "ოშკოზონ"-ს, კაფე-მეტაფორას, სადაც ყოველ შაბათ-კვირას უზბეკი და უცხოელი შეფები თანამედროვე მენიუს ქმნიან და ერთგვარ გასტრო-შემოქმედებით სანახაობას, რომელსაც ლექციები და მასტერკლასები მოჰყვება.

კოლაბორაცია ბუხარას ბიენალესთვის, საულე სულეიმანოვა, შირუ-შაქარ (2025)

გაიანე უმეროვამ, კულტურის და ხელოვნების განვითარების ფონდის თავმჯდომარემ ამ ფესტივალთან დაკავშირებით აღნიშნა: " ჩვენი მიზანი ამ სივრცის რამდენიმე კვირით შევსება კი არ არის, არამედ გვინდა, ბიენალემ ბუხარას მცხოვრებლებს სარგებელი მოუტანოს დღესვე და გამოიწვიოს გრძელვადიანი, საგრძნობი ცვლილებები ეკონომიკაში. ჩვენ ვქმნით მემკვიდრეობას, რომელიც ხელახლა დააკავშირებს ბუხარას გარე სამყაროსთან და ამავე დროს უფრო მდგრადს გახდის თვით ქალაქის ცხოვრებას. ეს არის ნაციონალური სტრატეგიის ნიმუში, სადაც განვითარების შუაგულში თავმოყრილია ხელოვნება, კრეატიული ეკონომიკა და კულტურული მემკვიდრეობა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები