„მე ვემხრობი გამოცდების შემცირებას, რადგან სწავლა გაცილებით საინტერესო, შემოქმედებითი პროცესია და არა უბრალოდ ტესტისთვის მზადება და რუტინული საქმიანობა, რომელიც, როგორც ჩანს არ არის ეფექტიანი, რადგან საბოლოო ჯამში ვიღებთ პასიურ ცოდნას, რომელიც კონკრეტული ამოცანისთვის არის შეძენილი და ამ ამოცანის მიღწევის, ანუ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ფაქტობრივად იკარგება. ეს არ არის ცოდნის მიღება“ - თემაზე გადაცემა "საქმიან დილაში", განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ ისაუბრა.
მისი თქმით, განათლების სამინისტროს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, თუ რას აპირებს სკოლაში, გამოცდების დასაბალანსებლად და ხარისხის რეალურად გასაზრდელად.
„აუცილებელია სასკოლო შეფასების განვითარება, რომელიც უნდა იყოს მრავალმხრივი, კომპლექსური და განმავითარებელი. განათლების სისტემა თუ პარალელურად კომპლექსურად არ განვითარდა, ერთი კონკრეტულის განვითარება სიტუაციას არსებითად ვერ შეცვლის",- აღნიშნა განათლების ექსპერტმა.
აფხაზავა ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სკოლებს, რომ შიდა შეფასების სისტემები განავითაროს და უნდა დაინერგოს თავად სკოლის შეფასების სისტემაც, რომელიც არა დამსჯელობითი ხასიათის, არამედ განვითარებაზე ორიენტირებული იქნება.

























